სოხუმი “ღირსეული პარტნიორი 2020”-ისთვის თბილისს სიმეტრიულ პასუხს გასცემს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმდინარე ნატოს ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას – “ღირსეული პარტნიორი 2020” გამოეხმაურა.

ე.წ. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტი სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

“შეშფოთებას იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების მასშტაბებისა და ინტენსივობის გეგმიური ზრდა ამგვარი სწავლების გამართვის გზით, სადაც საქართველოს სამხედროებს აქვთ შესაძლებლობა, გაზარდონ საკუთარი სამხედრო პოტენციალი, მიიღონ დამატებითი უნარები საბრძოლო ოპერაციების ჩატარების ჭრილში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ე.წ უწყების განცხადებით, დასავლეთთან კავშირში ასეთი რეგულარული პრაქტიკა შესაძლოა, წარმოადგენდეს სერიოზულ საფრთხეს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისთვის, რაც დასტურდება “2008 წლის საქართველოს აგრესიით”.

“საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციულ ქმედებაზე სიმეტრიული პასუხის სახით, აფხაზური მხარე გააძლიერებს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აფხაზეთის რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, “არარეგულირებადი კონფლიქტების ზონაში დაძაბულობის შესაძლო ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს, აშშ-სა და ნატო-ს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები