დიმიტრი ცქიტიშვილი: მართალია, შრომის დღე აშშ-ის სახელმწიფო დღესასწაულია, ამის მიუხედავად, მსურს, ყველა მშრომელ ადამიანს მივულოცო ეს დღე
“მართალია, შრომის დღე აშშ-ის სახელმწიფო დღესასწაულია, ამის მიუხედავად, მსურს, ყველა მშრომელ ადამიანს მივულოცო ეს დღე”, – ამის შესახებ დამოუკიდებელი დეპუტატი, შრომის კოდექსის რეფორმის საკანონმდებლო პაკეტის ერთერთი ინიციატორი, დიმიტრი ცქქიტიშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ვერანაირ ეკონომიკურ განვითარებას ვერ მიაღწევს სახელმწიფო, თუ მისი დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი ღირსეული შრომის პირობებით.
“თუკი ზოგისთვის 1-ელი მაისი დაკავშირებულია მემარცხენე რადიკალურ მოძრაობებთან და ამის გამო აბსურდად მიაჩნიათ მისი აღნიშვნა (თუმცა ძალიან მცდარად), ლიბერალური ეკონომიკის ფლაგმან სახელმწიფოში საუკუნეზე მეტია, ოფიციალურად აღინიშნება შრომის / მშრომელთა დღე (1894 წლიდან).
ამ დღის აღნიშვნა მუშათა მოძრაობების ინიციატივით დაიწყო, მაგრამ დაკანონდა ეკონომიკური ლიბერალიზმის მიმდევარი პრეზიდენტის, გროვერ კლივლენდის მიერ.
რას შეიძლება, ეს ნიშნავდეს?
იმას, რომ ვერანაირ ეკონომიკურ განვითარებას ვერ მიაღწევს სახელმწიფო, თუ მისი დასაქმებულები არ არიან უზრუნველყოფილი ღირსეული შრომის პირობებით. მონურ შრომაში ვერ იქმნება ვერც ხარისხიანი პროდუქცია და ვერც ხარისხიანი მომსახურების მიწოდებაა შესაძლებელი.
ყველაფერთან ერთად, ადამიანების შრომითი ექსპლოატაციის შედეგად, საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა ისეთივე ამორალური ქმედებაა, როგორც – მონათმფლობელობა და ბავშვთა შრომა.
ამაზე შეთანხმდა დემოკრატიული საზოგადოება ევროპასა და ამერიკაში და ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში შედგა კონსენსუსი.
საქართველოში, სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ კიდევ საკამათოდ მიაჩნიათ ზოგიერთებს.
რას ნიშნავს ღირსეული შრომის პირობები:
∙ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
∙ ყოველგვარი დისკრიმინაციისა და შევიწროებისაგან თავისუფალ სამუშაო გარემოს;
∙ სამუშაო დროის მკაცრ რეგულირებას;
∙ გაწეული შრომის შესაბამის, ღირსეულ ანაზღაურებას;
∙ მშრომელების ჩართულობას საწარმოებისა და ორგანიზაციების მართვაში;
∙ დასაქმებულების სოციალურ დაცვას;
და ამ ყველაფერზე სახელმწიფოს ეფექტურ ზედამხედველობას.
პრაქტიკულად, იმას, რასაც შრომის კოდექსის რეფორმის ფარგლებში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს.
მე-9 მოწვევის პარლამენტსა და “ქართული ოცნების” მთავრობას აქვს უნიკალური შანსი, წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერით ისტორიაში შევიდეს, როგორც ღირსეული შრომისთვის აუცილებელი სამართლებრივი ნორმების საკანონმდებლო გარანტიების შემქმნელი პოლიტიკური ძალა და ახალ, ფუნდამენტურად განსხვავებულ ეტაპზე გადაიყვანოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესი, რომელიც არა ცალკეული მერკანტილური ბიზნეს სუბიექტების ინტერესებზე იქნება მორგებული, არამედ საყოველთაო კეთილდღეობის შექმნის საფუძველი გახდება”, – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.