„რეალურად ეროვნული პოლიტიკური ყველა ძალის მხარდაჭერის იმედი მაქვს“ – დიმიტრი ლორთქიფანიძე დიდუბე-ჩუღურეთში იყრის კენჭს

“მხარდაჭერის იმედი მაქვს ყველა, რეალურად ეროვნული პოლიტიკური ძალისგან”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომელიც პოლიტიკაში ბრუნდება.

მისი თქმით, ის დიდუბე-ჩუღურეთში მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

„დავბრუნდი პოლიტიკაში, მაქვს საბრძოლო განწყობა. თავად არ ველოდი იმ გამოხმაურებასა და იმ მაჟორულ განწყობას საზოგადოების მხრიდან, რაც იყო, განსაკუთრებით – დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩევლის მხრიდან. რეალურად, პოლიტიკიდან არსად წავსულვარ გამოდინარე იქედან, რომ 3 წელს ინდივიდური პასუხისმგებლობის ქვეშ ვქმნიდი სამოქალაქო პლატფორმას სახალხო დიპლომატიისას, რომელიც შესაძლებლობას მაძლევდა, მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მემუშავა ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებთან.

ჩემი აზრით, ეს ეპოქალური მნიშვნელობის არჩევნები იქნება. ის ადამიანები, ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, დააკნინონ 2020 წლის არჩევნების მნიშვნელობა, ჩემი აზრით, ნებით თუ უნებლიეთ, ნიჰილიზმს თესავენ საზოგადოებაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ამ არჩევნებში ყველამ მთელი რესურსის გამოყენებით უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ მომავალი ციფრული დღის წესრიგი დავაბალანსოთ ეროვნული, თვითმყოფადი პოლიტიკის გამოხატულებით. სწორედ კონსერვატორულად განწყობილ ძალთა ერთობამ უნდა მოახდინოს ციფრული დღის წესრიგის ბალანსი ეროვნულ თვითმყოფადობასთან შესაბამისობაში.

2014 წელს გახლდით თბილისის მერობის კანდიდატი. არჩევნების შედეგებს თუ გავაანალიზებთ , დიდუბის რაიონში ყველაზე მაღალი პროცენტი ავიღე, მე მივიღე იმაზე მეტი ხმა, ვიდრე – 11-მა კანდიდატმა ერთად აღებულმა. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ძლიერი მოტივაცია, როდესაც ხარ დიდუბელი, ხარ დიდუბის ამომრჩეველი მთელი 25 წელიწადია, როცა დიდუბელები ყველაზე მეტ მხარდაჭერას გიცხადებენ და როცა დიდუბე-ჩუღურეთში იკრიბება ის კონგლომერატი საარჩევნო სუბიექტებისა, რომლებიც ერთმანეთისგან არაფერით განსხვავდებიან – რა თქმა უნდა, აქ ეროვნული, კონსერვატიული ნიშით შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩემი მხარდაჭერის იმედი მაქვს ყველა, რეალურად ეროვნული პოლიტიკური ძალისგან, რომელსაც აქვს ეროვნული იდეის ტარების ამბიცია, სურვილი. ველოდები მათი მხრიდან მხარდაჭერას. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მე, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატობის კანდიდატი ვიქნები დიდუბის ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი, ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ასეთი ძალების მხარდაჭერას”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები