პარტიამ „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა” იმერეთის ოთხივე ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

დღეს პარტიამ „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსმა” მაჟორიტარობის კანდიდატები იმერეთის ოთხივე ოლქში წარადგინა.

ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილია ბიზნესმენი დავით შალამბერიძე. დავით შალამბერიძეს ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები ზესტაფონში აქვს გატარებული და არის ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. დავითი წლების მანძილზე საკალათბურთო კლუბ„სპარტაკის” წევრი იყო, სპორტული კარიერის შემდგომ კი სწავლა პეტერბურგში ენგელსის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე განაგრძო. დღეს, დავით შალამბერიძე წარმატებული ბიზნესმენია, რომელიც ემსახურება არაერთ კეთილ საქმეს. მან ასეულობით ოჯახს გაუწია დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ოპერაციების, სამედიცინო კვლევებისა და მედიკამენტების დაფინანსების კუთხით. ამასთანავე, დავით შალამბერიძე აქტიურად ეხმარება ქართველ სტუდენტებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო, მათ არ უწევდეთ უნივერსიტეტებში სწავლის შეწყვეტა.

საჩხერეში, ჭიათურასა და ხარაგაულში მაჟორიტარობისათვის „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” სახელით იბრძოლებს მედიკოსი ნინო ბრეგვაძე. მაჟორიტარობის კანდიდატი წარმოშობით ჭიათურიდანაა. მრავალწლიანი სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად, ნინო ბრეგვაძე გახლავთ კოალიციური არასამთავრობო ორგანიზაციის„მომავლის საქართველო” დამფუძნებელი, რომელშიც საქართველოს 7 რეგიონის მასშტაბით 1700 წევრია გაერთიანებული და რომლის შემადგენლობაშიც შედის აფხაზური და ოსური ორგანიზაციები. ნინო ბრეგვაძის ძალისხმევითა და თანადგომით არაერთმა ოჯახმა მოიპოვა სოციალური სტატუსი, ქირურგიული ოპერაციებისა და მედიკამენტების დაფინანსება. 40 ეკომიგრანტისათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემაც მის სახელს უკავშირდება. ნინო ბრეგვაძე დღესაც უანგაროდ მუშაობს მოხუცთა თავშესაფარში„იმედის ექო”, რომელშიც 45 მოხუცებული ცხოვრობს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.

სამტრედიის, საჩხერის, ვანისა და ხონის ოლქში მაჟორიტარის მანდატისათვის იბრძოლებს მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩიქოვანი.კანდიდატი სამტრედიაში, ექიმების ოჯახში დაიბადა.ალექსანდრეს მამა – თემურ ჩიქოვანი წლების განმავლობაში ემსახურებოდა იმერეთის რეგიონს. თავად ალექსანდრე ჩიქოვანმა განათლება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიიღო, სწავლის დასრულების შემდგომ კი მოღვაწეობდა მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში. ალექსანდრე ჩიქოვანი აქტიურად მონაწილეობდა სოციალური დახმარების პროექტებში. შემდგომ მან სწავლა განაგრძო საზღვარგარეთ ნაციონალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში ,,უმაღლეს ეკონომიკურ სკოლაში” ორგანიზების მართვის დარგში. ალექსანდრე ჩიქოვანი მედიცინისა და ბიზნესის მართვის მიმართულებებით მოღვაწეობდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში, ესპანეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი პარტიამ ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი თორნიკე მარჯანიშვილი წარადგინა.

თორნიკე მარჯანიშვილი ქუთაისის საზოგადოებისათვის ცნობილი, გამორჩეული ხელოვანია, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაიცავს როგორც ქუთაისელების, ასევე ქვეყნის მასშტაბით კულტურის მოღვაწეთა ინტერესებს. დღეს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრს. თორნიკე მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით დადგმულმა სპექტაკლებმა არაერთხელ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. მის სახელს უკავშირდება როგორც ქუთაისში, ასევე ხონის, ვანის, წყალტუბოსა და იმერეთის მასშტაბით მოქმედ თეატრალურ სცენებზე დადგმული წარმოდგენები. თეატრალური მოღვაწეობის პარალელურად, 2007-2010 წლებში, თორნიკე მარჯანიშვილი იყო ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი (უპარტიო) მაჟორიტარი დეპუტატი.

მაჟორიტარობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ ბექა ნაცვლიშვილმა, გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გედევან ფოფხაძემ და თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად თავაძემ წარადგინეს.

პარტიის თავმჯდომარის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, პარტია “ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” მთავარი პრინციპია, საზოგადოებას შესთავაზოს ღირსეული, განათლებული კანდიდატები, ადამიანები, რომლებიც მოქალაქეების ინტერესებს დაიცავენ და იქნებიან მათი ღირსეული წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები