“ბესლანის ტრაგედიასთან დაკავშირებით რუსეთის ხელისუფლებისა და გამოძიების ოფიციალური ვერსია მრავალრიცხოვანი მოწმეებისა და გადარჩენილების ნაამბობისგან განსხვავდება”

“2004 წლის 3 სექტემბერს ჩრდილოეთ ოსეთში, ქალაქ ბესლანში მდებარე სკოლის შტურმის შემდეგ, რომელშიც ტერორისტებს 1128 ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი, 333 ადამიანი დაიღუპა-მათი უმრავლესობა ბავშვი იყო. 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა”, – ამის შესახებ “ფეისბუქზე” ერთერთი გვერდის მიერ – “სიმართლე რუსულად” გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

“​ეს ტერაქტი რუსეთის ისტორიაში მსხვერპლთა რაოდენობით ყველაზე მასშტაბურია.16 წლის შემდეგ, დაღუპულთა ნათესავები, და ეს თითქმის მთელი ბესლანის მოსახლეობაა, კვლავ ცდილობს, გაიგოს სიმართლე ამ ტერაქტისა და შტურმის შესახებ. როგორც ირკვევა, რუსეთის ხელისუფლებისა და გამოძიების ოფიციალური ვერსია მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განსხვავდება მრავალრიცხოვანი მოწმეებისა და გადარჩენილების ნაამბობისგან, ასევე, დამოუკიდებელი გამომძიებლებისა და ექსპერტების მოსაზრებებისგან (მასალა მომზადებულია რადიო “თავისუფლების” მასალების მიხედვით).

1) სკოლაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე, ჩრდილოეთ ოსეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა, რომან სოხიევმა, ასევე, ადგილობრივი მილიციის უფროსმა მიიღო აგენტურული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბესლანში იგეგმებოდა მსხვილი ობიექტის დაკავება-ტერაქტი. ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, არ მომხდარა პრევენციული ღონისძიებების ჩატარება და ათობით შეიარაღებული ტერორისტი ინგუშეთის ტერიტორიიდან ჩრდილოეთ ოსეთში შევიდა, ბესლანამდე მიაღწია და აიღო სკოლა.

2) სკოლის დაკავებიდან 24 საათში ჩრდ. ოსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, ძუგაევმა მედიას დაუსახელა მძევლების რაოდენობა -354. თუმცა, მოსკოვის შტაბში უკვე გადაცემული იყო სია, სადაც დასახელებული იყო 800-ზე მეტი ადამიანი. თავად მძევლების ჩვენებებით, როდესაც ახალ ამბებში ტერორისტმა, ვლადიმერ ხოდოვმა გაიგონა მძევლების ამდენად შემცირებული რიცხვი, დაიყვირა: „თუ გონიათ, რომ სულ 300 ხართ, ისე ვიზამთ, რომ აქ მაგდენი დარჩეთ“. ამის მერე მძევლების მდგომარეობა გაუარესდა: ტერორისტებს ისინი საპირფარეშოში აღარ გაყავდათ და წყალს აღარ ასმევდნენ. ბავშვებს საკუთარი შარდის დალევა უწევდათ. „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი, ელენა მილაშინა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მძევლების რიცხვის შესახებ გამიზნულად ცრუობდა – „თუ ადამიანები გაიგებდნენ, რომ სკოლაში ათასზე მეტი მძევალი იყო, რომელთა უმრავლესობა ბავშვია, საზოგადოებას შესაძლოა, მოეთხოვა მათი განთავისუფლება ნებისმიერი ფასად, მათ შორის, ტერორისტებთან მოლაპარაკების გზითაც.“

3) ოფიციალური ვერსიით, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის დასახელებული, სამი დღის განმავლობაში ტერორისტები არანაირი მოლაპარაკებებზე არ მოდიოდნენ. მაგრამ, გადარჩენილი მძევლების ჩვენებებით, ტერორისტები არაერთხელ შეეცადნენ მოლაპარაკებების ინიცირებას, ხოლო ერთერთი მათგანი, ნურპაში კულაევი დაპირდა 150 ბავშვის გაშვებას ყოველ ჯერზე, როდესაც სკოლაში შემოვიდოდა რომელიმე ის ადამიანი, რომელსაც ისინი მომლაპარაკებლად ითხოვდნენ. კერძოდ კი, ტერორისტები ითხოვდნენ ჩრდ. ოსეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ძასოხოვის, ინგუშეთის პრეზიდენტ მურან ზაზიკოვის, რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველ ასლანბენ ასლახანოვისა და პედიატრ ლეონიდ როშალის მოყვანას. ტერორისტებმა მძევლების მეშვეობით გადასცეს ხელისუფლებას ტელეფონის ნომერი, რომლითაც მათთან კავშირზე გასვლა იქნებოდა შესაძლებელი. ოფიციალურ შტაბში კი განაცხადეს, რომ ეს ტელეფონი არ მუშაობს. თუმცა, ასლახანოვმა და როშალმა სწორედ ამ ნომრით შეძლეს ბოევიკებთან დალაპარაკება. საბოლოოდ, კრემლმა მოლაპარაკებების გამართვის ნებართვა არ გასცა. ამასთანავე, ინგუშეთის ექსპრეზიდენტმა, რომელიც სკოლაში თავისი ინიციატივით შევიდა, მოახერხა ტერორისტები დაეყოლებინა ჩვილი ბავშვებისა და მათი დედების გაშვება – სულ 26 ადამიანისა.

4) ტერორისტებთან მოლაპარაკებების გამართვაზე მზად იყო ასლან მასხადოვი და თვითაღიარებული იჩქერიის პრემიერმინისტრი – ახმედ ზაკაევი. მათ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიისთვის წამოაყენეს პირობა: ბესლანამდე მათი თანმხლები უნდა ყოფილიყო „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტი – ანნა პოლიტკოვსკაია და „რადიო თავისუფლების“ კორესპოდენტი – ანდრეი ბაბიცკი. ამ ჟურნალისტებმა თანხმობა განაცხადეს და გაემართნენ მასხადოვსა და ზაკაევთან შესახვედრად. თუმცა, ბაბიცკი მოსკოვის მილიციამ გამოგონილი მიზეზით დააკავა, ხოლო ანნა პოლიტკოვსკაია დაუდგენელი ნივთიერებით, სავარაუდოდ, ჩაით ან ხელსახოცით მოწამლეს – მან თვითმფრინავში ასვლის შემდეგ გონება დაკარგა.

5) ვლადიმერ პუტინი დაღუპულთა ნათესავებთან შეხვედრაზე, რომელიც ერთი წლის შემდეგ გაიმართა, ირწმუნებოდა, რომ ტერორისტები „არაფერს ითხოვდნენ“. თუმცა ირკვევა, რომ მათ ძალიან კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ. ამ მოთხოვნებიდან უმთავრესი იყო ჩეჩნეთიდან რუსული ჯარის გაყვანა და სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა. მძევლების მეშვეობით, მათ გადასცეს ვიდეოკასეტა შამილ ბასაევის მიმართვით პუტინისადმი. მოგვიანებით, რუსული სახელისუფლებლო არხები აცხადებდნენ, რომ კასეტა ცარიელი იყო. ასევე, ბოევიკებმა პუტინს რუსლან აუშევის მეშვეობით წერილი გადასცეს. ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ისინი პირობას დებდნენ, რომ თუ მათი მოთხოვნები შესრულდებოდა, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებს შეწყვეტდნენ, დათანხმდებოდნენ სნგ-ში შესვლასა და რუბლის ზონაში დარჩენას. მათი მოთხოვნების შეუსრულებლობისა და შტურმის შემთხვევაში, ისინი მძევლების მოკვლით იმუქრებოდნენ.

6) გამოძიების ოფიციალური ვერსიით, სკოლის შტურმი სპეცრაზმმა და სამხედროებმა იძულებით დაიწყეს მას მერე, რაც ბოევიკებმა ორი ხელნაკეთი ბომბი სპორტდარბაზში ააფეთქეს – იქ, სადაც მძევლების უმრავლესობა იყო. თუმცა, გადარჩენილების ჩვენებების მიხედვით ირკვევა, რომ პირველი აფეთქება მოხდა იმ ადგილიდან 18 მეტრში, რომელსაც გამოძიება უთითებს და მთელს დარბაზს გადაუფრინა დიდმა ცეცხლოვანმა „ბურთმა“, რომელმაც ფანჯრიდან შემოაღწია. როგორც გადარჩენილები ამბობდნენ, არცერთი ბომბი, რომელიც ტერორისტებმა დარბაზში დაამონტაჟეს, არ აფეთქებულა. პირველი აფეთქებების შემდეგ, სკოლას გარედან 2 საათის განმავლობაში ესროდნენ ტანკებიდან, ტყვიამფრქვევებიდან და ნაღმტყორცნებიდან. სპეცდანიშნულების რაზმები შენობაში მხოლოდ შემდეგ შევიდნენ.

7) რუსეთის ფედერაციის ექსდეპუტატი, სამხედრო ექსპერტი ამ ტერაქტის გამოძიების საპარლამენტო კომისიის წევრი, იური საველიევი ირწმუნება, რომ აფეთქებები მოხდა სკოლაზე განხორციელებული ცეცხლის გახსნის გამო მიმდებარე სახლებიდან. რუსული გამოძიება ამტკიცებს, რომ 333 მძევალი ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. იური საველიევის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ მძევლების უმრავლესობა შტურმის დროს დაიღუპა და სკოლის სულ სხვა მხარეს, რომელიც არც კი იყო დანაღმული. ბევრ იმ დასკვნას, რომელიც საველიევის ანგარიშშია წარმოდგენილი, დაეთანხმა ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო, რომელმაც რუსეთს დაავალა, ჩაატაროს ახალი გამოძიება ბესლანის ტრაგედიის გარემოებებთან დაკავშირებით, ასევე, 2017 წელს რუსეთის ხელისუფლებას დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება ბესლანის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებისთვის”, – ნათქვამია “ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებულ პოსტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები