“ე.წ. ოს ისტორიკოსებს აუცილებლად ჯეროვანი პასუხი უნდა გაეცეს – ეს ოსების გენოციდი კი არა, სწორედაც რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული გენოციდი იყო”

”ე.წ. ოს ისტორიკოსებს აუცილებლად ჯეროვანი პასუხი უნდა გაეცეს – ეს ოსების გენოციდი კი არა, სწორედაც რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული გენოციდი იყო! რუსები, ასევე, ორჯონიკიძე, კიროვი და სხვები აიარაღებდნენ ოსებს, შტაბი მოაწყეს ვლადიკავკაზში, შემდეგ “ორჯონიკიძე” რომ უწოდეს”, – ამბობს დევნილი ისტორიკოსი, ნიკოლოზ ოთინაშვილი.
„როდესაც 1921 წელს შემოვიდა რუსეთის მე-11 წითელი არმია, იმ არმიაში ბევრ ოსთან ერთად იყო ზაქარია ვანეევი, ვინც მერე რუსებმა გააისტორიკოსეს და სწორედ მისგან დაიწყო ცხინვალში ე.წ. მახინჯი სტატიების წერა, თითქოს, ქართველები ოსებს გენოციდს უწყობდნენ.
ეს ყველაფერი უფრო ადრე დაიწყო, როცა ჩრდილოეთ ოსეთში დაბადებული ყაჩაღის, ზნაურ აიდაროვის რაზმებმა, – ვისი სახელიც მოგვიანებით ეწოდა ფრონეს ხეობაში ქართულ დასახლებას და მერე ძეგლიც კი დაუდგეს ზნაურში, – იერიშით აიღეს სოფელი ხცისი, დახოცეს გლეხები, თავადაზნაურობა და იქ საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ზნაურ აიდაროვი თბილისში მუშაობდა, პირდაპირ ქართველების თვალწინ მარქსისტულ ჯგუფებს აყალიბებდა ისე, რომ წაკითხულიც არ ჰქონდა არაფერი. მერე გენერალმა, ალექსანდრე კონიაშვილმა შეიპყრო და მიახვრიტეს.
მას ეხმარებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსული ოსები. ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოყვანილებმა მაშინ ჩვენი ბევრი ხალხი დახოცეს.
ზემოხსენებული ვანეევი სისულელეებს წერდა ვახუშტი ბაგრატიონის წინააღმდეგ. მას მიმდევრები დღესაც ჰყავს, თუნდაც – იური გაგლოითი.
მეორე ყაჩაღი იყო ისაკ ხარებოვი. ხარებოვი იბრძოდა საჩხერის დასაპყრობად. სწორედ იმ ბრძოლაში დაიღუპა და იმის პატივსაცემად გიორგიწმინდას უწოდეს ისაკას სოფელი, ანუ ისაკყაუ; ცხინვალს “ჭრება” დაარქვეს, ახალგორს – “ლენინგორი”.
1920 წელს ოს ბოლშევიკთა აჯანყებას რუსები უმაგრებდნენ მხარს. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ოპერაცია, ოსების მხრიდან, “გენოციდად” შეფასდა…
ეს ოსების გენოციდი კი არა, სწორედაც რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული გენოციდი იყო! რუსები, ასევე, ორჯონიკიძე, კიროვი და სხვები აიარაღებდნენ ოსებს, შტაბი მოაწყეს ვლადიკავკაზში, შემდეგ “ორჯონიკიძე” რომ უწოდეს.
ომარ ჩუბინიძის წიგნში – “ოსთა საკითხი” იმდროინდელი მრავალი საინტერესო ფაქტია მოთხრობილი. ჩრდილოეთ კავკასიელი ოსები პირდაპირ წერდნენ რუსეთში გაგზავნილ წერილში, ჩვენ საქართველოს ნაწილი არ ვართ, რუსეთის ნაწილი ვართო; ჩვენი ტყვიამფრქვევებით დავხოცეთ ქართველები და “მაქსიმკა“ ტყვიამფრქვევი ავიტანეთ მთაზეო… სახალხო გვარდიის ხელმძღვანლის, ვალიკო ჯუღელის მეთაურობით აღიკვეთა მათი თარეში.
ეს ყველაფერი კი 2008 წელს „დააგვირგვინა“ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, როდესაც კოდორის ხეობა, ფრონეს ხეობა, დიდი და პატარა ლიახვის ხეობები და ახალგორი დავკარგეთ.
ამით ჩვენს ხალხს დაატყდა დიდი უბედურება: დიდი და პატარა ლიახვის, ფრონეს ხეობის ქართველები გამოდევნეს საკუთარი მიწა-წყლიდან. განადგურებულია კულტურის ძეგლები, ბიბლიოთეკები, საცხოვრებელი სახლები, მათ საძირკვლიანად ანგრევენ, რომ ჩვენ იქ აღარ მოგვინდეს დაბრუნება. მე ფრონეს ხეობიდან ვარ და იქ, ქართულ სოფლებში არცერთი კაცი აღარ დარჩა, ვინ ვის მოუწყო გენოციდი, კიდევ საკითხავია?!
თუნდაც, 1919 წელს ალაგირის ქართველების სასტიკად დარბევის ფაქტს გავიხსენებ, როდესაც ფეხმძიმე ქალებიც კი ამოხოცეს.
2008 წლის მსგავსად, 1920 წელსაც სამი ხეობა გადაწვეს. უნდა ითქვას, რომ არავითარი აჯანყება არ ყოფილა არც ბორჩალოს მაზრაში, არც – ცხინვალში და არც – დუშეთში… ოსებს ჩააცვეს რუსების სამხედრო ფორმები და მთელი ხევსურეთის სოფლებიც გადაწვეს მაშინ. არის წიგნები და მოგონებები, რა დღეში ჩაყარეს ქართველები. ეს იყო რუსული პროვოკაცია.
თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც გაიძახიან ოსები, არაგვის ხეობა ჩვენიაო. სამი დიდი ბანერი გამოაკრეს წარწერით, პუტინი ჩვენი პრეზიდენტიაო.
„ჩრდილოეთ ოსეთი“, „სამხრეთ ოსეთი“ მოგონილი ტერმინებია. ზვიად გამსახურდია სამართლიანად ამბობდა, არავითარი სამხრეთ ოსეთი არ არსებობსო. თავის დროზე ცხინვალის ქართულ გაზეთში ვმუშაობდი და პირდაპირ ვწერდი, რომ სამხრეთ ოსეთი არ შეიძლება იყოს საქართველოში. გადამემტერნენ, მაგრამ სიმართლეს ვლაპარაკობდი. ე.წ. ოს ისტორიკოსებს აუცილებლად ჯეროვანი პასუხი უნდა გაეცეს”, -დევნილი ისტორიკოსი, ნიკოლოზ ოთინაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები