მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქედაში განაცხადა, სადაც მოსახლეობას ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ფრიდონ ფუტკარაძე წარუდგინა.
პრემიერის თქმით, სახელმწიფო ქართველ გლეხს ყოველთვის გვერდით დაუდგება, ვიდრე ის ძლიერი ფერმერი არ გახდება.
„ჩვენ გამოვაცხადეთ სპეციალური პროგრამა – მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება და სამ წელიწადში ეს პრობლემა ქვეყანაში და მათ შორის აჭარაშიც აღარ იქნება. მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აზომვით სამუშაოებში გლეხს და საქართველოს მოქალაქეს ფული გადასახდელი არ ექნება. ბევრი რამ უნდა დავასრულოთ, რაც დავიწყეთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანას აქვს სისტემური ინფრასტრუქტურის პრობლემებიც, როგორიცაა, გზა, წყალი გაზი. ყოველდღიურად უკეთესობა ეტყობა, როგორც ბათუმს, ქედას, ასევე მთლიან საქართველოს. ბევრი სამუშაო გვაქვს კიდევ.
ამასთან, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ჩვენი ახალგაზრდობი, ჩვენი ბავშვები, მათი განათლება, ჩვენი მოხუცების ჯანმრთელობა, მათი სოციალური დახმარება და პენსია. ეს ის ძირითადი ვალდებულებებია, რომელიც სახელმწიფომ უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, გლეხს უნდა მივეხმაროთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ფერმერი, გაეზარდოს შემოსავალი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები აქ რაღაცებს მოგვიწოდებენ, არავის ეგონოს, რომ მთავრობა და სახელმწიფო გლეხს მარტო დატოვებს, ვიდრე გლეხი არ გახდება ძლიერი ფერმერი, არ დაასაქმებს ადამიანებს, ქვეყნის კეთილდღეობისთვის არ იქნება ფუნდამენტი და მასზე არ დადგება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ამიტომ, როგორც ყოველთვის, ციტრუსის ნაწილში, როგორც არასტანდარტული, ასევე სტანდარტულის ექსპორტზე გატანის ნაწილში, სახელმწიფო, როგორც ედგა აჭარელ გლეხს გვერდით, ასევე დაუდგება მომავალში. არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა სად ვართ, რას ვაკეთებთ, რა პროფესიაში ვართ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სოფელზე, დაბაზე, ქალაქსა და ქვეყანაზე. რაც მთავარია, დარწმუნებულნი ვართ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ უნდა გავიმარჯვოთ სამართლიან ბრძოლაში“, – განაცხადა პრემიერმა.