აფხაზეთის მთავრობის წევრები თბილისში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდნენ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ თენგიზ ნასარიძესთან, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქ. №12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და ქალაქ თბილისის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. ხოლო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო უზრუნველყოფს ობიექტის სადარბაზოს რეაბილიტაციას.
„მადლობას ვუხდით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, რომელთა მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული კრიტიკული ინფრასტრუქტურული პრობლემების ძირითადი ნაწილის მოწესრიგება.“ – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.