კახა კალაძე: გარდაბნელები გამორჩეული მოქალაქეები ხართ, თქვენი ყოველდღიური შრომით ჩვენი ქვეყნის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეგაქვთ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივნის კახა კალაძე გარდაბანში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

“გარდაბანი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და გამორჩეული ადგილია. თქვენ საქართველოს გამორჩეული მოქალაქეები ხართ, მოქალაქეები, რომლებიც თქვენი ყოველდღიური შრომით აძლიერებთ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეგაქვთ.
„ქართული ოცნება” თქვენთან ერთად კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადება. ჩვენმა ერთობამ, ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებას დამნაშავე, ძალადობრივი რეჟიმი ჩამოაშორა. რეჟიმი, რომელიც ამცირებდა, კლავდა, ატერორებდა ადამიანებს და უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივი ნაბიჯებით ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეყავდა, რაც ძალიან მტკივნეული იყო ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის.
„ქართულმა ოცნებამ” ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა. განათლება და ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ადამიანებს სამართლიანობის განცდა დაუბრუნდათ და დღეს, ყველა მოქალაქეს შეუძლია, სახელმწიფოს დახმარებით საკუთარი ოჯახი და საკუთარი რეგიონი ეკონომიკურად გააძლიეროს. გაიხსნა უამრავი საწარმო, გაიზარდა მეურნეობების რაოდენობა და მოქალაქეს მისი პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა აღარ უდგას. ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით სადაც ძალიან ბევრი პროგრამა იქნა განხორციელებული და ადამიანებს მიეცა შესაძლებლობა, ესარგებლა სხვადასხვა პროგრამით, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.
​ჩვენ გვაქვს მომავლის სწორი ხედვა და გამარჯვების რწმენა, რწმენა, რომ ჩვენი ქვეყანა გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მიუხედავად, წარმატებული იქნება და თქვენთან ერთად ყველა გამოწვევას ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად გავუმკლავდებით.
დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც იქნება თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მას ჭირდება თქვენი მხარდაჭერა, თქვენი თანადგომა და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გამარჯვება, ეს იქნება სრულიად ჩვენი ქვეყნის გამარჯვება”,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები