“ყველა სტუდენტი, რომელსაც შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი და აქვს 150 000-მდე სოციალური ქულა, სახელმწიფო დაუკომპენსირებს 2020-2021 წლის სწავლის საფასურს”
“ყველა სტუდენტი, რომელიც არის სოციალურად 150 000 ქულამდე, სახელმწიფოს მხრიდან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებს. ამასთან ერთად 150 000 სოციალურ ქულამდე ყველა სტუდენტი, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო მათაც სახელმწიფო დაუკომპენსირებს 2020-2021 წლის სწავლის საფასურს 2250 ლარს. საბოლოო ჯამში, ამ შეღავათებით ისარგებლებს საქართველოში 33 000-ზე მეტი სტუდენტი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთავრობის მიერ განსახორციელებელი სოციალური მხარდაჭერის მესამე ეტაპის ძირითადი მიზნობრივი ჯგუფები გახლავთ ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მათი განათლების პროცესი კრიზისის ზეგავლენის გამო რაიმე რისკის ან ხარვეზის ქვეშ არ აღმოჩნდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, რომლებსაც ეკონომიკური კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდა, მათ შეძლონ შვილების ღირსეულად აღზრდა და ღირსეული განათლების მიცემა”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, ძირითადი პრინციპი ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება იქნება.
„გარდა ამისა, მე მინდა გითხრათ, როგორც ნათელია და ყველა საერთაშორისო ჩანს, ეკონომიკური კრიზისი იქნება საკმაოდ გრძელვადიანი. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას ჩვენს მოქალაქეებზე და ვიქნებით მათ გვერდით. ძირითადი პრინციპი იქნება გონივრული გადანაწილება ქვეყნის შეზღუდული ეკონომიკური რესურსების შესაძლებლობების გონივრული და სამართლიანი გადანაწილება, როგორც აქამდე ვაკეთებდით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.