“პარლამენტში ოპოზიციის ერთერთმა წარმომადგენელმა მითხრა, ეს ძალიან ცოტააო და უნდა გააგრძელოთო, ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი”

“პარლამენტში ოპოზიციის ერთერთმა წარმომადგენელმა მითხრა, ეს ძალიან ცოტააო და უნდა გააგრძელოთო, ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თვითდასაქმებულები, რომლებმაც დოკუმენტაციასთან დაკავშირებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილეს, 300-ლარიან დახმარებას მაინც მიიღებენ.

“ერთხელ მახსოვს, პარლამენტში დებატებისას ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა, ეს ძალიან ცოტააო და თქვენ ეს უნდა გააგრძელოთო, დაეხმაროთო. ვუთხარი, ზუსტად თქვენს რჩევას გამოვიყენებ-მეთქი და ამ დახმარებას რომ გამოვაცხადებ, გავიხსენებ-მეთქი თქვენს რჩევას და ვიხსენებ ახლა ამ მომენტს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის მე-3 ეტაპი. მერწმუნეთ, სამწუხაროდ, ისე ვითარდება სიტუაცია, რომ იქნება მე-4 ეტაპიც და შესაძლებელია, იყოს მე-5-ც და რა ვქნათ, ვიღაცის კრიტიკის გამო ჩვენი მოქალაქეები მივატოვოთ ეკონომიკურ კრიზისში, თავიანთი პრობლემების წინაშე მარტო? – არა, რა თქმა უნდა.

კომუნალური დახმარების ნაწილში ეს არის, დაახლოებით, 200 მლნ ლარი. ბავშვების დახმარების ნაწილში, დაახლოებით, 170 მლნ ლარი. სიმართლეს ხომ აქვს რაღაც ფასი. ბოლო 5 თვის განმავლობაში ძირითადი დარტყმები, კრიტიკა მოდიოდა იმაზე, თუ თვითდასაქმებული ადამიანები როგორ დაადასტურებდნენ თავიანთ საქმიანობას. თქვენ ისეთი მკაცრი წესები დააწესეთ, რომ დიდი რაოდენობის ადამიანები განაცხადს აკეთებენ და დახმარებას ვერ იღებენო. სინამდვილეში, მართლაც 250 000 განაცხადია გაკეთებული ერთჯერად დახმარებაზე 300 ლარიანზე, რომელიც ეკუთვნით თვითდასაქმებულებს. აქედან ნორმალური დასაბუთება დოკუმენტაციის თვალსაზრისით ჰქონდა 170 000 ადამიანს და რა თქმა უნდა მათ ეს დახმარება მიიღეს. ეს 80 000 ადამიანი, რომელმაც ნაწილობრივ დაასაბუთა, მაგრამ იდეალური არ იყო ეს დოკუმენტაცია, სწორედ ის ხალხია, რომელთაც ეს დასაბუთება უჭირდათ. დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ ვხურავთ ამ პროგრამას და იმის გამო, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი გრძელდება, ამ 80 000 მოქალაქესაც ვუნაზღაურებთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები