პრემიერი: გერმანიის მიმართულებით 11 აგვისტოს კიდევ ერთი ჩარტერული ავიარეისი შესრულდება

“საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, გერმანიაში სწავლისა და მუშაობის ნებართვის მქონე სტუდენტებისთვის 11 აგვისტოს კიდევ ერთი შეღავათიანი ავიარეისი შესრულდება, რომელზეც ბილეთის ფასი 199 ევროზე მეტი არ იქნება”, – შესაბამისი დავალება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ  საგარეო საქმეთა, განათლების სამინისტროებსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მისცა.
„უახლოეს პერიოდში სასწავლო წელი იწყება და სასწავლო წლის დასაწყებად ემზადება როგორც საქართველო, ისე – ჩვენი პარტნიორი ქვეყნები. მოგეხსენებათ, ბევრი ქართველი სტუდენტი განათლებას იღებს ან შრომობს ევროპაში, განათლების მიღებასთან ერთად. მათ შეექმნათ გადაადგილების პრობლემა. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ასეთმა ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში მუშაობის ნებართვა და მათ უბრალოდ ვერ შეძლეს გერმანიამდე ჩასვლა. მაშინ მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ ორგანიზებული ჯგუფისთვის და ბერლინში რეისი განვახორციელეთ. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი ასევე გერმანიის მიმართულებით. მინდა, დავავალო საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს, სასწრაფოდ მოვახდინოთ ამ ჯგუფების ორგანიზება და 11 აგვისტოსთვის განვახორციელოთ კიდევ ერთი რეისი. ასევე, რამდენიმე თხოვნა იყო უნგრეთში განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან, ასევე, დავაიდენტიფიციროთ რა რაოდენობაა ეს და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომელზე ბილეთის ფასიც არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები