რატომ დაემთხვა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება მამამისის დაბადების დღეს

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და დაიკარგა.
ახალგაზრდა ქალი მამის დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე გაუჩინარდა.
19 ივლისი მამამისის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის დაბადების დღეა – მამის, რომელთანაც, როგორც ირკვევა, ქალიშვილს საუკეთესო ურთიერთობა არასოდეს ჰქონია…
“პრაიმტაიმის” მიერ გუშინ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი პოლიციაში დაკითხვაზე ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში აღმოჩნდა. დაკითხვა ბავშვის სკოლის პედაგოგის თანდასწრებით მოხდა. თამარის ჩვენება ოჯახურ კონფლიქტს ეხებოდა. მამამისი უკვე მერამდენედ ძალადობდა დედაზე.
ჩვენებაში ვკითხულობთ:
„დედაჩემმა, ვინაიდან იყო ცუდად, ოთახის ტელეფონით გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლის ექიმებმაც აღმოუჩინეს პირველადი სასწრაფო დახმარება და შესთავაზეს საავადმყოფოში გადაყვანა. სასწრაფო ბრიგადის ექიმებმა კი გამოიძახეს პოლიცია, რომლებიც მოვიდნენ რამდენიმე წუთში, რა დროსაც დედაჩემმა პოლიციის თანამშრომლებს განუცხადა, რომ სცემა მეუღლემ“.
ჩვენებაში 14 წლის მოზარდი დეტალურად აღწერს ოჯახში კონფლიქტების დაწყების მიზეზებს, რომ ეს არ ყოფილა მამის მხრიდან დედაზე გახორციელებული პირველი შემთხვევა.
წარსულში მსგავსი ქმედების გამო თამარის მამას შემაკავებელი და დამცავი ორდერებიც რამდენჯერმე ჰქონდა გამოწერილი, ხოლო ამ უკანასკნელი შემთხვევის შემდეგ მას სამი თვის განმავლობაში მეუღლესთან მიახლოებაც კი აკრძალული ჰქონდა.
ოჯახური ძალადობის საქმეში დევს ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის ჩვენებაც, რომელიც ქმარს ძალადობაში სდებდა ბრალს.
რატომ აირჩია 23 წლის გოგონამ, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის დღედ 19 ივლისი, მამის დაბადების დღე? – ეს ის კითხვაა, რომელსაც სხვა მრავალთან ერთად პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები