კახა კალაძე: თბილისელებს მინდა, ვკითხო, თქვენ ჩემს ადგილზე რას გააკეთებდით

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც დღეს დედაქალაქში გასაკეთებელია, მიუხედავად სირთულისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სწორედ ამისკენ არის მიმართული მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა.
„შეიძლება, სადღაც რომელიღაც განვითარებულ ქალაქში „საცობის“ პრობლემა გარკვეული პროექტით მოაგვარეს, თუმცა ჩვენ იმას ვერ გადმოვიტანთ, ვერ დავაკოპირებთ. შეუძლებელია ამის გაკეთება. თბილისი, თავისი რელიეფიდან გამომდინარე, სპეციფიკურია, თითოეულ ქუჩას დამუშავება და დაგეგმარება სჭირდება, რაზეც შესაბამისი ექსპერტები და კომპანიები მუშაობენ. მინდა, არა როგორც ქალაქის მერმა, არამედ როგორც რიგითმა მოქალაქემ, დავუსვა იმ ადამიანებს შეკითხვა, ვინც რაღაცით განაწყენდნენ ან გაღიზიანდნენ სამართლიანად. მე აბსოლუტურად მესმის თქვენი და კიდევ ერთხელ მინდა, მოგიბოდიშოთ შაბათს მომხდარი შეფერხებისთვის. თუმცა თქვენ, რიგითი თბილისელები, ჩემს ადგილას რომ იყოთ, რას გააკეთებდით? აირჩევდით იმას, რომ მოდი, არაფერი გავაკეთოთ, მერე ვიღაცა მოვა და ის მიხედავს, მე თავი რატომ ავიტკივოო? ეს დამოკიდებულება გექნებოდათ  ჩემს ადგილას? მე ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს და არ მინდა, ჩემს რომელიმე თანამშრომელს ჰქონდეს. პირიქით, თუ გასაკეთებელია დღეს, გავაკეთოთ იმიტომ, რომ ეს ხვალ წაადგება ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა და მის ფარგლებში განხორციელებული თუ განსახორციელებელი ყველა რეფორმა ქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ის ადამიანები კი, ვინც დღეს უკმაყოფილოები არიან, მომავალში თავად დაინახავენ რეფორმის შედეგებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც ჩვენ მიერ წამოწყებული რეფორმის სიკეთეებს მოვესწრებით. ის ადამიანები, ვინც დღეს გვლანძღავენ, შეურაცხყოფას გვაყენებენ, მადლობას გადაგვიხდიან. ეს პროექტი ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები