ბექა ფერაძე: ჯანდაცვის სამინისტრომ ინსპექტირებისას 33 რესტორანი და 18 ბაზარი დააჯარიმა
“დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 150-მდე გეგმური ინსპექტირება განხორციელდა, მათგან 33 რესტორანი და 18 ბაზარი დაჯარიმდა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
რაც შეეხება სხვა ტიპის ეკონომიკურ საქმიანობებს, რომლებიც ნებადართულია – ფერაძის თქმით, ეტაპობრივად, რისკის შეფასების საფუძველზე მოხდება თითოეული მათგანის შემოწმება.
„შემოწმდა, როგორ იცავს ესა თუ ის კომპანია უსაფრთხოების წესებს. მათგან გეგმურად შემოწმდა 91 რესტორანი და 33 დაჯარიმდა. ამ კუთხით დინამიკა საკმაოდ დადებითია, ვინაიდან პირველ დღეებში, როდესაც ჩვენ დავიწყეთ რესტორნების შემოწმება, სურათი გაცილებით რთული იყო. რაც შეეხება ბაზრობებსა და სხვადასხვა ტიპის ობიექტებს, აქაც მიმდინარეობს გეგმური მონიტორინგი. 27 ბაზარია შემოწმებული, ხოლო 18 მათგანი დაჯარიმდა. აქ გამოწვევები არსებობს, თუმცა დადებითია დინამიკა, რომელიც ბოლო დღეებში ფიქსირდება. ჯამურად, დაჯარიმებულია 61 ობიექტი. შემოწმება ხორციელდება რისკის სიდიდისა და ალბათობის მიხედვით. შესაბამისად, ამ ეტაპზე განსაზღვრული იყო, რომ გეგმური ინსპექტირებები რისკის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო კვების ობიექტებზე, ბაზრებზე, ასევე სხვადასხვა არანებადართულ ეკონომიკურ საქმიანობაზე. ცხრა ასეთი სუბიექტი დაჯარიმდა. რაც შეეხება სხვა ტიპის ეკონომიკურ საქმიანობებს, რომლებიც ნებადართულია, ეტაპობრივად, რისკის შეფასების საფუძველზე მოხდება თითოეული მათგანის შემოწმება“, – განაცხადა ფერაძემ.
მისივე თქმით, ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია 10 000 ლარით იურიდიული პირისთვის, ხოლო ფიზიკური პირისთვის – 2000 ლარით.