“ბელარუსში დაკავებული „ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები თურქეთში „გასარუჯად“ მიდიოდნენ”

ბელორუსში დაკავებული ბოევიკები, რომლებიც რუს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინთან არიან დაკავშირებულები, მინსკის და სტამბულის გავლით, ერთ-ერთ ლათინურ ქვეყანაში გეგმავდნენ გამგზავრებას, –  ამის შესახებ „Россия-1“-ის ეთერში, რუსეთის კონსულმა კირილ პლეტნიოვმა განაცხადა.

მისივე თქმით,  დაკითხვისას დაკავებულებიდან ყოველი მესამე ჩასვლის ქვეყნად ვენესუელას ასახელებდა.

„რა თქმა უნდა, რუსეთის მოქალაქეების გამხნევებას შევეცადეთ. თუმცა გულწრფელად უნდა გითხრათ, რომ ჩვენი თანამემამულეები არც თუ ისე კარგ მორალურ-ფსიქოლოგიურ ფორმაში არიან. არ ესმით, რატომ აბრალებენ ბელარუსის ოპოზიციურ ლიდერებთან კავშირს, რომელთა გვარები მათ უმრავლესობისთვის უცნობიც კია“, –  განაცხადა კონსულმა.

29 ივლისს, მინსკის მახლობლად, სანატორიუმში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ 33 მებრძოლი დააკავეს. რუსეთის მხარე, რომელიც ოფიციალურად უარყოფს რუსეთში კერძო სამხედრო კომპანიების არსებობას, აცხადებდა, რომ დაკავებულები დაცვის კომპანიის თანამშრომლები არიან. თითქოს, ისინი მინსკის გავლით „მესამე ქვეყანაში“ მიემგზავრებოდნენ და ბელარუსში არანაირ პროვოკაციებს არ გეგმავდნენ. ბელარუსის საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ მართალია „ვაგნერელებს“ თან ჰქონდათ სტამბულამდე ბილეთები, მაგრამ დაკითხვისას, ისინი „არათანმიმდევრულ ჩვენებებს“ იძლეოდნენ და ჩასვლის ადგილებად სხვადასხვა ლოკაციებს ასახელებდნენ. თურქეთის გარდა, ისინი ახსენებდნენ ვენესუელას, კუბას და სირიას. ბუნებრივია, ბელარუსმა სამართალდამცველებმა დაცინვად აღიქვეს, რომ რუსები თურქეთში ჩასვლის მიზეზად რუჯის მიღებას, ობიექტების დაცვას და აია-სოფიას დათვალიერებასაც კი ასახელებდნენ. ვინაიდან, დაკავებულებს თან ჰქონდათ სუდანის ეროვნული ვალუტა და სატელეფონო ბარათები, გაჩნდა ვარაუდი, რომ სწორედ ეს ჩრდილოეთ აფრიკული ქვეყანა იყო მათი ინტერესის სფერო. თანაც, ეს არის ქვეყანა, სადაც ევგენი პრიგოჟინს ოქროს მომპოვებლური კომპანია აქვს და სადაც ანტი სამთავრობო პროტესტების დროს, „ვაგნერის“ მებრძოლები უკვე ბევრჯერ შენიშნეს.

ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა ივან ნოსკევიჩმა გაამხილა ის მიზეზი, რის გამოც ამ 33 რუსეთის მოქალაქეს მისმა უწყებამ თავიდანვე ეჭვის თვალით შეხედა. მისი თქმით, ბელარუსის ტერიტორიაზე ისინი 24 ივლისს ჩავიდნენ. ჰქონდათ სტამბულის რეისის (10:50 სთ- იმავე დილის) ბილეთები, მაგრამ მინსკის აეროპორტი ღამე დატოვეს და სასტუმროში შესახლდნენ. ამ სასტუმროს ნომრები მათ წინასწარ ჰქონდათ დაჯავშნილი და არსად გაფრენას არ აპირებდნენ. 25 ივლისის დილით, რუსმა მამაკაცებმა სასტუმრო დატოვეს და გადავიდნენ სანატორიუმ ბელორუსაჩკში. უკვე ამ დროს, მათი თვალთვალი ადგილობრივმა სპეცსამსახურმა დაიწყო. 4 დღის განმავლობაში რუსი სტუმრები არ სვამდნენ, არ დადიოდნენ კაფეებსა თუ რესტორნებში, მხოლოდ სანატორიუმის ტერიტორიაზე ჯგუფ-ჯგუფად სეირნობდნენ. ამასობაში ბელარუსებმა დაადგინეს, რომ კუნთმაგარი და არა მსმელი რუსი ბიჭები კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ წევრები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში იბრძვიან. მათი ტელეფონების მოსმენამ კი ცხადყო, რომ ასეთი კიდევ რამდენიმე ჯგუფი აპირებდა ბელარუსში ჩასვლას. ამას გარდა, მათი ჯგუფის „ჩატში“, უფროსმა ჩინმა გასცა ბრძანება, რომ გაენადგურებინათ მინსკი-სტამბულის ელექტრონული ბილეთების ამობეჭდილი ვერსიები. სწორედ ამის მერე ძალოვნებმა მათი დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ბელარუსის ხელისუფლება ფიქრობს, რომ დაკავებული რუსები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად ჩავიდნენ-რამდენიმე კვირაში ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.

აღსანიშნავია, რომ ამ ბოევიკების უკრაინაში ექსტრადირებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უკვე ითხოვს. ამ უწყების განცხადებით, შეკრებილია საკმარისი მტკიცებულებები იმისა, რომ „ვაგნერის“ ეს კონკრეტული მებრძოლები დონეცკის და ლუგანსკის ტერიტორიაზე უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდნენ.

„ყველა ეს პირი, ისევე როგორც ნებისმიერი, ვინც უკრაინის ტერიტორიების დაპყრობაში და სხვა სამხედრო დანაშაულებებში მონაწილეობდა, უნდა წარსდგეს უკრაინული სასამართლოს წინაშე და გასამართლდეს უკრაინის კანონმდებლობით“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

მასალები ამ დაქირავებული მებრძოლების შესახებ, რომლებიც „მეშახტეების და ტრაქტორისტების“ საფარველ ქვეშ მოქმედებდნენ, უკვე დიდი ხანია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დოკუმენტური ფილმი „СБУ против ФСБ“ გამოაქვეყნა, სადაც ასახულია რამდენიმე ათეული დანაშაულებრივი ეპიზოდი და ოპერაცია, რომელთა დაფიქსირებაც მოხერხდა, წარმოდგენილია ბოევიკების პერსონალური ინფორმაცია, ფოტოსურათები. ამ უწყების ექს ხელმძღვანელის ვასილი გრიცაკის თქმით, ჯერ კიდევ 2018 წელს „გამოქვეყნდა სია, სადაც მოცემულია 206 რუსი დაქირავებული მებრძოლის ვინაობა, რომლებიც 2016-17 წლებში დონბასში ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდნენ.“

იმ პერიოდშივე უწყებამ ბრიფინგი ჩაატარა და წარმოადგინა „ვაგნერის“ 64 წევრის დაღუპვის შესახებ მტკიცებულება.

ვინ არიან „ვაგნერელები“ :კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ რუსეთში კანონგარეშე საქმიანობს. მის შესახებ სახელმწიფო არხების ეთერში არ საუბრობენ, მაგრამ „ვაგნერელები“ იღუპებიან დონბასში, სირიაში, ლიბიაში, სუდანსა და სხვა მრავალ ქვეყანაში. “ვაგნერი“ არაოფიციალური სამხედრო ორგანიზაციაა, რომელიც არ შედის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში და არა აქვს იურიდიული სტატუსი. გერმანული გამომცემლობა „Bild”-ის ცნობით, ამ ორგანიზაციაში დასაქმებული ბოევიკების საერთო რაოდენობა 2500-ს აღწევს. კრემლი ამ კერძო კომპანიის არსებობას უარყოფს. რუსეთში ხომ დაქირავებული მებრძოლის არსებობა კანონით ისჯება.

„ვაგნერის“ ხელმძღვანელი დმიტრი უტკინია, რომელიც ოდესღაც „გრუ“-ს სპეციალური დანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი იყო. 2016 წელს, უტკინი კრემლში გამართულ სპეციალურ მიღებას ესწრებოდა, რომელიც იმ რუსი სამხედროებისთვის მოეწყო, რომლებმაც გმირობით გამოიჩინეს თავი. როგორც ჩანს, „კანონგარეშე გმირობა“ ვლადიმერ პუტინისთვის განსაკუთრებით საპატიოა. „ვაგნერის“ დაფინანსების საიდუმლო წყაროდ მედია ასახელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო მუხლებსაც და ბიზნესმენ ევგები პრიგოჟინის ჯიბესაც. პრიგოჟინს „პუტინის მზარეული“ შეარქვეს-ის კრემლის კერტერინგის სერვისის უფროსი იყო. თუმცა, მისი ბიზნეს ინტერესები დიდი ხანია კარგი ბორშის ორგანიზებას გასცდა. წლების განმავლობაში, სწორედ პრიგოჟინთან აფილირებული კომპანიები საქმიანობენ ლათინურ ამერიკასა და აფრიკის ქვეყნებში ნავთობისა და სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვებაზე, სწორედ ამ ინტერესების არეალში ჩანან ხოლმე „ვაგნერელებიც“. დამოუკიდებელი რუსული მედიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „ვაგნერელები“ იბრძოდნენ პალმირის პირველ და მეორე შტურმის დროს 2016-17 წლებში. ბრიტანული BBC-ის ცნობით, „ვაგნერელები“ სუდანში 2017 წლიდან შეამჩნიეს.

2018 წლის 30 ივლისს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი კირილ რადჩენკო, ალექსანდრე რასტორგუევი და ორხან ჯემალი მოკლეს. ისინი იქ „ვაგნერის“ საქმიანობის შესახებ მტკიცებულებების მოსაპოვებლად ჩავიდნენ. მათი მკვლელობისთვის არავინ დასჯილა, საქმე არც გამოძიებულა.2020 წლის მაისში, გაეროს ლიბიის თემატიკაზე მომუშავე მონიტორინგის კომიტეტმა ანგარიში მოამზადა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ლიბიაში, გენერალ ჰალიფა ჰაფთარის მხარეზე „ვაგნერის“ 1200 დაქირავებული მებრძოლი იბრძოდა-ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ.

არსებული ინფორმაციით, პუტინის და პრიგოჟინის ეს კანონგარეშე არმია იბრძვის იქ, სადაც კრემლს სჭირდება, იქ, სადაც რუსეთის სახელმწიფო ჯარის ამოქმედება კრემლის საერთაშორისო იმიჯს დააზიანებს, იქ, სადაც ყველაზე ბინძური დავალებებია შესასრულებელი. აპირებდა თუ არა 33 დაქირავებული რუსი მკვლელი და დივერსანტი ბელარუსში დესტაბილიზაციას, თუ სადმე „მესამე ქვეყანაში“ უნდა აერიათ ვითარება, ეს ჯერ დანამდვილებით უცნობია. თუმცა, ფაქტია, ისინი მახეში გაებნენ-აბა ვინ დაიჯერებს, რომ პუტინ-პრიგოჟინის სალდათებს აია სოფიას დათვალიერება ასე ძალიან სწყუროდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები