„დაკვრისას, თითქოს, ამქვეყნად არ ვარ“ – 19 წლის მუსიკოსის ახდენილი ოცნება, სახელად – ვიოლიონო

იგი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა და მისთვის მუსიკა და  ვიოლინო უკვე ახდენილი ოცნებაა.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საშემსრულებლო ხელოვნების ფაკულტეტზე (საორკესტრო სიმებიანი საკრავები) სწავლობს.
დაამთავრა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლანიჭიერთა ათწლედიდა თბილისის 87- საჯარო სკოლა.
დაკვრა 6 წლიდან დაიწყო. ამბობს, რომ რაც თავი ახსოვს, გონებაში რაღაც მელოდია მუდამ ესმის. უვიოლინოდ კი ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.
უკრავს თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრში. მონაწილეობდა სხვადასხვა კონკურსსა თუ ფესტივალში. კონკურსფესტივალშიიპოვე შენი ვარსკვლავიპირველი ადგილი მოიპოვა.
2019 წელს „წინანდლის ფესტივალის“ „პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრისწევრმა, სექტემბერში, მონაწილეობა მიიღო ამ ფესტივალში, ორკესტრმა ხუთი კონცერტი გამართა შეუდარებელ დირიჟორებთან და მუსიკოსებთან ერთად. 2021 წელსაც მიწვეული ამ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ყოველწლიურად  რამდენიმე საჩვენებელი კონცერტით ანებივრებს მსმენელს. აქტიურად უკრავს თბილისში მოწვეული უცხოელი თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსების მასტერკლასებზე.
„სიტყვა უძლურია, გადმოვცე, რას განვიცდი დაკვრისას. მინდა ვთქვა, რომ სიმღერაც ძალიან მიყვარს და როცა ვიღლები ან ძლიერი ემოციით ვარ სავსე, სიმღერა დიდ შვებას მაძლევს“… – მუსიკოს სალომე მერაბიშვილის პერსონა.

– რაც კი ცხოვრებაში ფასეული რამ გამაჩნია, სარწმუნოებასთან ერთად, ეს ჩემი ოჯახია. ოჯახი ჩემთვის პატარა ნავთსაყუდელია. მშობლებმა მე და ჩემს სამ დას ულამაზესი ბავშვობა გვაჩუქეს.
უდიდეს სითბოსა და სიყვარულში ვიზრდებოდი. ვფიქრობ, დღეს თუკი რამ კარგია ჩემში, ეს მშობლების დამსახურებაა. ბავშვობა ყოველთვის ტკბილად მახსენდება. უამრავი ლამაზი დღე. მზრუნველი მშობლები და ჩემი უერთგულესი და სულზე უტკბესი მეგობრები – ჩემი სამი და.
– 6 წლიდან დაიწყეთ დაკვრა…
– დედა იხსენებს, როდესაც ერთ ჩვეულებრივ დღეს ოთხი წლის სალომეს საბავშვო ბაღში მიაკითხა, ბაღის მასწავლებელმა საგანგებოდ გააჩერა დედიკო და უთხრა, როდესაც ბავშვებს სიმღერას ვამღერებდი, ერთ ძალიან სუფთა და ლამაზ ხმას მივაგენი და თქვენი შვილი შემრჩა ხელშიო.

დები მერაბიშვილები

ჩემმა ბაღის მუსიკის პედაგოგმა დედას ურჩია, აუცილებლად შევეყვანე მუსიკალურ სკოლაში. ასევე უნდა ვთქვა, ჩემს ბებოს (მეორე ბებოსაც) ძალიან კარგი სმენა აქვს, როდესაც მომისმინა, მანაც ასევე ურჩია დედიკოს, აუცილებლად რომელიმე კლასიკურ საკრავზე დაკვრა შემესწავლა. ასე რომ, ბებოს დიდი დამსახურებაა, დღეს ვიოლინოზე რომ ვუკრავ. სიმღერა და მუსიკა, რაც თავი მახსოვს, სულ მიყვარდა.
ექვსი წლის რომ ვიყავი, დედიკომ მკითხა, რომელ ინსტრუმენტზე გინდა ისწავლო დაკვრა, ვიოლინოზე თუ ფორტეპიანოზეო, მე ვკითხე, რომელი უფრო რთულია-მეთქი, როდესაც პასუხად მივიღე – ვიოლინო, სწორედ ეს საკრავი ავირჩიე. პირველივე დღიდან შემიყვარდა ვიოლინო (დიდი დამსახურება მიუძღვის ჩემს პირველ პედაგოგს – გალინა ბანდურას). სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
– თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ცენტრალური სამუსიკო სკოლანიჭიერთა ათწლედიდა თბილისის 87- საჯარო სკოლა დაამთავრეთ. როგორ უთავსებდით სწავლას და ვიოლინოს სიყვარულს ერთმანეთთან?
– გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ნამდვილად რთული იყო. მართალია, ვიოლინო ჩემი ცხოვრების უმთავრესი მოვლენაა და თეორიულ მუსიკალურ საგნებთან ერთად დიდ დროს ვუთმობდი, მაინც ვცდილობდი, სკოლაშიც წარმატებული მოსწავლე ვყოფილიყავი. ვფიქრობ, მუსიკოსი განათლებულიც უნდა იყოს, ლოგიკური მსჯელობაც შეეძლოს. ასე კი მუსიკასაც სხვანაირად შექმნის, თუ შეასრულებს.
ვიოლინო კოლოსალურ შრომას მოითხოვს, ამიტომ ყოველი დღე საკმაოდ დატვირთული იყო, მაგრამ ვიოლინოს სიყვარული ამას ადვილად მაკეთებინებდა.
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის  საშემსრულებლო ხელოვნების ფაკულტეტის (საორკესტრო სიმებიანი საკრავები) სტუდენტი ხართ. პარალელურად უკრავთ თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრში…  ამბობთ, რომ მუსიკის სამყარო უდიდესი ბედნიერებაა თქვენთვის…
– ნამდვილად. მუსიკა ჩემთვის ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა, ნუგეშია.. მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდ ძალისხმევას, შრომასა და ნებისყოფას მოითხოვს, ის, რაც ამას მოსდევს, ყველაფერს სწონის. როდესაც ამზადებ რაიმე ნაწარმოებს, თავად შრომის პროცესი ძალიან საინტერესოა, შემდეგ კი, როდესაც შედეგს ხედავ, ამ სიხარულს არაფერი შეედრება, ძნელია ეს სიტყვებით გადმოსცე.
დაკვრისას, თითქოს ამქვეყნად არ ვარ, მეუფლება უჩვეულო განცდა, ბოლომდე ვიხარჯები. მას შემდეგ კი, როცა ბოლო ნოტს ავიღებ და ტაშის ხმას ვიგებ, ერთიანად ვახელ თვალს, ვუბრუნდები რეალობას და უდიდეს სიხარულს მანიჭებს ხალხის სითბო.
რაც შეეხება ორკესტრში დაკვრას, ორკესტრი ცოცხალი ორგანიზმია, თავისი შემადგენელი ნაწილებით (დირიჟორი და თითოეული მუსიკოსი). მიყვარს, რომ მეც ამ მთლიანობის ნაწილი ვარ და დირიჟორთან და კოლეგებთან ერთად მუსიკას ვქმნი. ეს, თითქოს, ჯადოსნობაა.
–  მონაწილეობდით კონკურსებსა თუ ფესტივალებში. კონკურსფესტივალში – „იპოვე შენი ვარსკვლავი  პირველ ადგილზე გახვედით.
– კონკურს-ფესტივალი „იპოვე შენი ვარსკვლავი“ ყოველწლიურად ტარდება. მე მონაწილეობა ამ კონკურსში 2014 წელს მივიღე. შევასრულე ვირტუოზული პიესა და ერთი დიდი ფორმის ნაწარმოები. ნებისმიერ კონკურსზე გასვლა, როგორც უნდა წარიმართოს იგი, ძალიან დიდი გამოცდილებაა.
შემსრულებელი უნდა წარდგეს ჟიურის წინაშე, აჩვენებს თავის შესაძლებლობებს და ეს უკვე ერთგვარი გამოცდილებაა. ამ დროს ხედავ შენს პლუსებსა თუ მინუსებს და შემდგომში ცდილობ, უკეთესი გახდე.
მეც ასე დამემართა. გულმოდგინედ ვემზადებოდი ამ კონკურსისთვის. შედეგით ძალიან გახარებული ვიყავი და მომავლისთვის დიდი სტიმული აღმოჩნდა ეს გამარჯვება
– 2019 წელს, „წინანდლის ფესტივალის“ „პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრისწევრმა, მონაწილეობა მიიღეთ ამ ფესტივალში, სადაც მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებთან ერთად მუშაობდით… 2021 წელსაც მიგიწვიეს ამ ფესტივალზე.
– 2019 წლის „წინანდლის ფესტივალი“ ჩემს მუსიკალურ ცხოვრებაში დაუვიწყარი დღეები იქნება. პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი 7 ქვეყნის ახალგაზრდა მუსიკოსებს გვაერთიანებს. ეს ქვეყნებია: საქართველო, უკრაინა, სომხეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი და რუსეთი.
ძალიან საინტერესო იყო თანატოლებთან კულტურათაშორისი ურთიერთობები, იდეებისა და შეხედულებების გაცვლა-გამოცვლა. ვცდილობდი, მათთვის ბევრი საინტერესო რამ მომეყოლა ჩვენს უძველეს, ულამაზეს და უდიდესი ისტორიის მქონე საქართველოზე, თავად ისინიც აღფრთივანებას ვერ მალავდნენ საქართველოს სილამაზეზე, გულთბილ ხალხსა და ჩვენი ქვეყნის გამორჩეულობაზე.
ორკესტრის თითოეულ ჯგუფს (მაგალითად, მევიოლინეებს, ალტისტებს, ჩელისტებს, ზოგადად სიმებიან საკრავებს და ცალ-ცალკე ყველა სასულე თუ დასარტყამ ინსტრუმენტს) გვყავდა საკუთარი ხელმძღვანელი, ესენი იყვნენ უცხოეთიდან მოწვეული, პრესტიჟული ორკესტრების წევრები თუ კონცერტმეისტერები („მეტრაპოლიტენ ოპერის“, ტურინის ფილარმონიის, რაინის სახელმწიფო ფილარმონიული, მალმოს სიმფონიური, რეჯოს თეატრის, უნგრეთის სახელმწიფო ოპერისა და ვერბიეს ფესტივალის კამერული ორკესტრის მთავარი ორკესტრანტები).
თავისთავად ფაქტი, რომ ასეთ მუსიკოსებთან ვმუშაობდით თვე-ნახევრის განმავლობაში ყოველდღე, ყველაფერზე მეტყველებს. რაც შეეხება დირიჟორებს, ასევე მსოფლიოს წამყვან დირიჟორებთან ერთად (ჯანანდრეა ნოზედა, იუკა-პეკა სარასტე, კლაუდიო ვანდელი, ლაჰავ შანი) ხუთი დაუვიწყარი კონცერტი ჩავატარეთ. შევასრულეთ ძალიან რთული პროგრამა (მალერის N2 სიმფონია, ბერლიოზის „ფანტასტიკური სიმფონია”, შოსტაკოვიჩის N9 სიმფონია, სიბელიუსის N2 სიმფონია, ბრამსის N2 სიმფონია…), ასევე დავუკარით მსოფლიოს ცნობილ სოლისტებთან ერთად, როგორებიც არიან: ინგ ფანგი, ქეთევან ქემოკლიძე, იუჯა ვანგი, მიშა მაისკი, ლაჰავ შანი, დენის კოჟუხინი.
მუსიკოსებს საშუალება გვქონდა, დავსწრებოდით ფესტივალის ყველა სხვა ბრწყინვალე და დაუვიწყარ კონცერტს. როგორც ორკესტრანტს და მუსიკოსს, ამ ფესტივალმა ფასდაუდებელი გამოცდილება მომცა.
– ყოველწლიურად გაქვთ რამდენიმე საჩვენებელი კონცერტი. აქტიურად გამოდიხართ თბილისში მოწვეულ უცხოელ თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსების მასტერკლასებზე
– მუსიკოსი სცენის მტვერით სუნთქავს. ჩვენ – ამ მტვრით ვართ მოწამლულები. სცენის გარეშე ყოფნა ჩვენთვის წარმოუდგენელია. ამიტომ თითოეული კონცერტი წინგადადგმული ნაბიჯია, უდიდესი გამოცდილებაა. სცენამ, დიდი ხნით თუ არ გახვედი ამ ტრამპლინზე, გადაჩვევა იცის… შემდეგ ბუნებრივად მოდის ზედმეტი ნერვიულობაც, ასე რომ, ჩვენთვის სცენაზე დგომა ძალიან ბევრს ნიშნავს.
რაც შეეხება მასტერკლასებს, რა თქმა უნდა, ჩემი პროფესორი ყოველ გაკვეთილზე უამრავს მასწავლის და მზრდის, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საინტერესოა უცხოელ თუ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მუსიკოსებთან დაკვრა და მათი გაკვეთილები, რადგან ეცნობი სხვადასხვა პრაქტიკას, უამრავ საჭირო რჩევას იღებ და სხვა თვალით უყურებ საკუთარ თავსაც.
– ვიოლინო ჩემთვის ცოცხალი ორგანიზმიაო, ამბობთ…
– ვიოლინო ჩემი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ძალიან ვუფრთხილდები და მართლაც ისე ვექცევი, როგორც ცოცხალ ორგანიზმს. მას სჭირდება განსაკუთრებული დამოკიდებულება და დიდი შრომა. თუ რამდენიმე დღე არ დავუკარი, ეს აუცილებლად შეეტყობა ინსტრუმეტს.
ძალიან ბევრჯერ, თითქმის ყოველდღე, დაკვრის დროს შემიხედავს ვიოლინოსთვის და მიფიქრია: „რა ბედნიერი ვარ, რომ მასზე ვუკრავ! რა განსაკუთრებულია, რომ ამით ვასრულებ არა რაიმე მატერიალურ სამუშაოს, არამედ სულიერს და ვემსახურები ხელოვნებას“.
– მე მოვისმინე თქვენი საუბარი სულხან ნასიძის სიმფონია „ფიროსმანზე“. კიდევ რომელი კომპოზიტორს და ნაწარმოებს გამოარჩევდით?
– პანდემიის პერიოდში ყველა მუსიკოსი მოულოდნელი გამოწვევის წინაშე დავდექით. რა თქმა უნდა, მან ყველა სფერო დააზარალა, მაგრამ ჩვენთვის ეს ორმაგად რთულად გადასატანი აღმოჩნდა, იმდენად, რამდენადაც, როგორც ზემოთ ვახსენე, პირველ რიგში, ჩვენ სცენის გარეშე ძალიან გვიჭირს, მეორეც, სტუდენტებს გაკვეთილების მიღება გაგვირთულდა, რადგანაც მოგეხსენებათ, მუსიკის შესწავლა ცოცხალი პროცესია.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, შევეცადეთ, გამოსავალი გვეპოვა, ქართული მუსიკის ისტორიის კურსის ხელმძღვანელმა, ლექტორმა გვანცა ღვინჯილიამ, წამოიწყო შესანიშნავი პროექტი – „MIRACULUM“, რომლის ფარგლებშიც ჩვენ, რამდენიმე სტუდენტმა, ჩავწერეთ ვიდეორგოლი ჩვენთვის სასურველი ნებისმიერი კომპოზიტორის ნებისმიერ ერთ ნაწარმოებზე. ჩემთვის გამორჩეული და შინაგან სამყაროსთან ახლოს სულხან ნასიძის „ფიროსმანი“ აღმოჩნდა.
ამ ვიდეორგოლში ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ნაწარმოების მუსიკალურ ღირებულებებზე, არამედ ფსიქოლოგიურ, მორალურ და ზნეობრივ ფასეულობებზეც. ვფიქრობ, მუსიკაში გაუთვიცნობიერებელ ნებისმიერ რიგით მსმენელს ძალიან დააინტერესებს ეს ჩანაწერები და ეს პროექტიც სწორედ რომ ქართული მუსიკის პოპულარიზაციას ემსახურება.
რაც შეეხება საყვარელ კომპოზიტორსა და ნაწარმოებს, ჩემთვის საყვარელი ეპოქა რომანტიზმის ეპოქაა, მაგრამ ძნელია, გენიოსებს შორის გამოვარჩიო რომელიმე, ან მათი შექმნილი ერთი გენიალური ნაწარმოები.
– დაკვრასთან ერთად მშვენივრადაც მღერიხართ. ვის სიმღერებს ასრულებთ ხოლმე? რეპერტუარი როგორია?
– სიმღერა ძალიან მიყვარს. როდესაც დაღლილი ვარ ან ძლიერი ემოციით სავსე, დიდ შვებას მანიჭებს სიმღერა. ვმღერი ნებისმიერ სიმღერას, რომელიც გულში ჩამივარდება.
მიყვარს ქართული ხალხური სიმღერები, ქალაქური სიმღერები (გოგი ცაბაძის, ოთარ რამიშვილის…), ვმღერი უცხოურ სიმღერებსაც.

იხ. სიმღერა:

https://www.facebook.com/salo.merabishvili.3/videos/1503486006495233/UzpfSTEwMDAwNTAxNTQzODc2OTozMDYwNjExMjk0OTk0MTQ6MTA6MTU3Nzg2NTYwMDoxNjA5NDg3OTk5Oi01MzQ4NzkxODEzMjYxNzMzOTA4/?lst=100001470859523%3A100005015438769%3A1596449529
–  ჰობი…
– თავისუფალ დროს ძალიან მიყვარს სამზარეულოში ყოფნა და გემრიელი კერძების მომზადება და, მგონი, გამომდის კიდეც.
– სამომავლო გეგმები…
– ჩემი მიზანია, წარმატებით დავამთავრო საბაკალავრო საფეხური და სწავლა განვაგრძო მაგისტრატურაზე. ვგეგმავ რამდენიმე ხნით საზღვარგარეთ სწავლას, მაგრამ აუცილებლად ჩემს ქვეყანაში დაბრუნებას და ჩემი დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას მომავალი თაობისთვის, მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და შევეცდები, მათაც შევაყვარო მუსიკა.

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები