„ევროკომისიის პრესსპიკერი ორი კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს,“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას.
“ევროკომისიის ამ პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ. იმ დღეს ჩვენი ქვეყანა ბეწვზე გადაურჩა სისხლიან ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას. ამ დროისთვის უკვე 62 ადამიანია დაკავებული და სასჯელს ელის. პრესსპიკერი კი ორი კვირაა 4 ოქტომბრის ძალადობაში საკუთარ პასუხისმგებლობას გაცვეთილი პროპაგანდისტული ფორმულირებების უკან ემალება და ქართველებს ეთნიკური ეპითეტებით მოგვმართავს. თავქარიანი აქტივიზმი ბრიუსელის დღევანდელი საგარეო პოლიტიკის სამწუხარო სახეა”, – წერს შალვა პაპუაშვილი.