რუსუდან თევზაძე: ქვეყნის სახელმწიფოებრივი ზრდის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორი გახლდათ პრემიერსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის გამართული სატელეფონო საუბარი
“საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ზრდის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორი გახლდათ”, – ამის შესახებ განათლებისა და სოციალური უსაფრთხოების ექსპერტი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერი, რუსუდან თევზაძე აცხადებს.
მისი თქმით, ოპოზიციამ ამჯერადაც არ უღალატა ძვალსა და რბილში გამჯდარ ჩვევას და საუბრის შინაარსი დაამახინჯა.
“რაც უფრო მეტად გვიახლოვდება არჩევნები, ე.წ. ოპოზიციის აპოლიტიკური და ასოციალური ქმედებები პირდაპირპროპორციულად იზრდება, დღითიდღე მცირდება მათი „ავტორიტეტი“ საქართველოს მოსახლეობის ამომრჩეველში.
პოლიტიკურ სცენაზე ოპოზიცია მომლოდინე დუბლიორის ადგილსაც კი ვეღარ იკავებს, ვინაიდან ნულოვანია პერსპექტივა მართალი და სახალხო პოლიტიკური მოთამაშის ჩანაცვლებისა.
ეს მოთამაშე გამოირჩევა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის წარმოების პოზიტიურად მზარდი განვითარებით.
ქვეყნის სახელმწიფოებრივი ზრდის კიდევ ერთი მკაფიო ინდიკატორი გახლდათ საქართველოს პრემიერსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის გამართული სატელეფონო საუბარი.
ოპოზიციამ ამჯერადაც არ უღალატა ძვალსა და რბილში გამჯდარ ჩვევას და საუბრის შინაარსი დაამახინჯა. სულ მცირე, სამარცხვინოა ასეთი საქციელი, რომ არა – მოღალატეობრივი!
საქართველო არის და იქნება ერთგული და ერთადერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ამერიკისათვის სამხრეთ კავკასიაში. ჩვენ უნდა ვიამაყოთ და მყარად დავიცვათ ეს მიღწეული დასავლური კურსი, თუმცა მე მაინც მაკვირვებს, თუ რატომ უნდათ მიითვისონ პროდასავლურობა, როგორც მათი კერძო მონაპოვარი.
„ძვირფასო ოპოზიციავ“, შეიგნეთ, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, ეს საკითხი აღიქვათ, როგორც სახელმწიფო ინტერესი და არა, როგორც პარტიული ძალაუფლების მოპოვების იარაღი”, – აცხადებს რუსუდან თევზაძე.