პრემიერი „ფრონტერას” საქმეზე: ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს
“ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ „ფრონტერას” საქმეზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად მთავრობამ იმ ტერიტორიის 99 %, დაიბრუნა.
„ფრონტერასთან” მიმართებით საქართველომ საარბიტრაჟო დავა მოიგო. საქართველომ, მთავრობამ, ამ საარბიტრაჟო დავის გადაწყვეტილების შედეგად, აქტივის, იმ ტერიტორიის 99 %, დაიბრუნა. ერთი პროცენტი, რომელზეც სამართლებრივად, ფორმალური იურიდიული დავით შეეძლო საქართველოს, რომ დაეწყო დაბრუნების პროცესი, ამ პროცესის დაწყებაზე თქვა უარი და მარტივად აგიხსნით, რატომ – იმიტომ, რომ დღეს ჩვენთვის ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნესგარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს საინვესტიციო გარემო და ქვეყნის ბიზნესკლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ, ეს ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ არავის მიეცეს შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა ტარგეტირებული მიზნებისთვის გამოიყენოს.
„ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აქაც რაღაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენოს და კიდევ ერთი საკითხი – რა თქმა უნდა, იქ არიან ქართველი ადამიანები დასაქმებული, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობდნენ და ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იქნას დაცული”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.