გიორგი ვოლსკი: „ფრონტერა” არის ერთერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ დავინახოთ, თუ როგორ უფრთხილდება საქართველო უცხოურ კომპანიას, მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერებისა
„ოპოზიციას წარმომადგენლები „ფრონტერას” არ ლობირებენ, ვინაიდან იციან, რომ ,,ფრონტერას” აქვს უშველებელი დავალიანება ხალხის მიმართ – ოპოზიციას არ უნდა, გაიფუჭოს ურთიერთობა კონკრეტულ ამომრჩევლებთან, რომლებიც არიან დაჩაგრულები ამ კომპანიის მიერ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია ლობირებს იმას, რომ როგორმე ხელისუფლება წარმოჩნდეს ისე, თითქოს უცხოურ ბიზნესს ავიწროებს.
ვოლსკის თქმით, ხელისუფლება არათუ ავიწროებს „ფრონტერას” არამედ, მათ 20 წლით გაუხანგრძლივდა პირობა, რათა ენახებინათ, რომ ისინი რამე საბადოს იძიებენ იკვლევენ და აქედან ქვეყანას გააჩნია რამე პერსპექტივა, რომ მიიღოს რამე დამატებითი ენერგორესურსები.
„20 წელი არის უპრეცენდენტო ვადა იმისთვის, რომ „ფრონტერას” შეესრულებინა თავისი ვალდებულება. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სასამართლოთა შორის გამორჩეულმა, ჰააგის არბიტრაჟმა შეაფასა ვითარება და ვერდიქტი გამოიტანა – რომ არავითარი სიმართლე „ფრონტერას” მხარეს არ აქვს. ვინც არ უნდა ლობირებდეს მას. საქართველოს წარმოჩენაა მიზანი და ზოგიერთი „ფრონტერას” ლობისტი ამერიკელი კონგრესმენის ყურადღების გამახვილებაა მიზანი. რაც შეხება იმ ტერიტორიებს, სადაც ისინი რეალურად აწარმოებენ საქმიანობას და საბჭოთა პერიოდიდან მოიპოვებენ ნავთობს, ამ საკითხთან დაკავშირებით ორი აზრი არ არსებობს, რომ ჰააგის არბიტრაჟს არ აქვს უარყოფითი შეფასება. ჩვენც უნდა ვიფიქროთ ამ დეზინფორმაციის დაძლევაზე. სამწუხაროა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა ახალგაზრდა ჟურნალისტებისა ჩართულები არიან ამ საქმეში”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება არც ხდება და ვერც მოხდება.
„გადახედეთ ბიზნესის კეთების რეიტინგებს – რა გვქონდა და რა გვაქვს დღეს. შეხედეთ ციფრებს, საერთაშორისო შეფასებებს, სად შეიძლება ბიზნესის კეთება, რომელი ქვეყანაა მოწინავე რიგებში უსაფრთხო ქვეყნებიდან, რა კეთდება იმისთვის, რომ ხალხი გადარჩეს ამ ვირუსის შემოტევისგან. „ფრონტერა” არის ერთერთი საუკეთესო მაგალითი იმისა, რომ დავინახოთ, თუ როგორ უფრთხილდება საქართველო უცხოურ კომპანიას, მიუხედავად მათი არაკეთილსინდისიერებისა, რამდენ დათმობაზე მიდის. რასაკვირველია, ის 1% იმ ფართობისა, რასაც ისინი ფლობდნენ, არის ის, სადაც ფრონტერამ რაღაც წარმატებას მიაღწია. იქ მუშაობის გაგრძელებაზე ჩვენს სახელმწიფოს არავითარი პრეტენზია არ გააჩნია”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
მისი თქმით, დაახლოებით 240 ათასი დოლარი არის დახარჯული ლობისტებისთვის რათა საქართველო ჩაეყენებინათ უხერხულობაში, ან დასჯილიყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან „ფრონტერას” ინტერესებიდან გამომდინარე.
„საკმაოდ დიდი ფულია, იმისთვის რომ ვილაპარაკოთ უზნეობაზე. ამდენი ხალხი არის ხელფასებს მოწყურებული, რომელთაც თითქმის ერთი წლის განმავლობაში არ მიუღიათ შესრულებული სამუშაოსთვის ხელფასები. ამ დროს 250 ათასამდე დოლარი იხარჯება ლობისტებისთვის. ეს არის რეალობა. ამ რეალობის მიუხედავად, იქ სადაც ფრონტერას წარმატება აქვს, სადაც რაღაც გააკეთა ისეთი, რასაც თვალსაჩინოება გვიდასტურებს, რომ მოპოვება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სადაო „ფრონტერასთან” არ აქვს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.