„ჩვენებურებს თითქმის ყველა ქართული სიმღერა უყვართ, განსაკუთრებით – „სულიკო”

დაიბადა თბილისში, პედაგოგის ოჯახში. დაამთავრა თბილისის მე14  სკოლა, შემდეგ  თბილისის შოთა მილორავას სახელობის სახელმწიფო საესტრადო სასწავლებელი.
მუშაობდა თეატრში თამაზ რუსეიშვილთან, სადაც ყოველთვის მთავარ როლებს ასრულებდა. შემდეგ იყო წარმატებული მოღვაწეობა გლდანის სატირისა და საესტრადო მუსიკის თეატრში.
როდესაც საქართველოში დაიწყო არეულობის ხანა და ყველაფერმა შეწყვიტა მუშაობა, თურქეთში წავიდა სამუშაოდ.
ცხოვრობს ქალაქ ტეკირდაღში და მღერის, დღემდე აგრძელებს მოღვაწეობას ხელოვნების სფეროში. – მსახიობისა და მომღერლის, ქეთევან ფერაძის პერსონა.

– კარგი ბავშვობა მქონდა ტბილ ოჯახში გავიზარდე. ძალიან პატარა ვიყავი და სულ ვამბობდი, მე მომღერალი გამოვალ-მეთქი. რომ გავიზარდე,  თავიდან მამა წინააღმდეგი იყო,  მაგრამ დედამ, როგორც ხელოვანმა, თავისი გაიტანა და საესტრადოში ჩავაბარე. ჩემი ცხოვრების ულამაზესი წლები გავატარე ლამაზ მეგობრებთან ერთად. ყველაზე საამაყო კი ბოლო კურსზე ჩემი ვოკალის პედაგოგი შოთა მილორავა იყო.
– თბილისის შოთა მილორავას სახელობის სახელმწიფო საესტრადო სასწავლებელი დაამთავრეთ.  გლდანის სატირისა და საესტრადო მუსიკის თეატრში ყოველთვის მთავარი როლები გქონდათ. რომელი იყო თქვენი საყვარელი როლი?
– დავიწყე მუშაობა თამაზ რუსეიშვილთან. ულამაზესი როლი იყო ჩემს ცხოვრებაში დედოფალი ზეინებ ხანუმი (წარმოშობით ქართველი). შემდეგ გლდანში ნუგზარ ტიბუასთან, სატირისა და საესტრადო მუსიკის თეატრში, ულამაზესი წლები გავატარე. დაუვიწყარი იყო გასტროლები და  განსაკუთრებით – ლაგოდეხის ბუნება,  ლამაზი მაყურებელი.
– თურქეთში წახვედით სამუშაოდ. თქვენც, სხვა მრავალი ქართველის მსგავსად,  უცხო ქვეყანაში ცხოვრება მოგიწიათ… აუცილებელი იყო წასვლა? სხვა გამოსავალი არ არსებობდა?
– არეულობის დროს თითქოს ყველაფერი გაჩერდა  და გადავწყვიტე თურქეთში წასვლა. თავიდან ქართულ და რუსულ სიმღერებს ვმღეროდი, შემდეგ ერთი თურქული სიმღერა მომეწონა. ლაპარაკი არ ვიცოდი, არც სიტყვების მნიშვნელობა. მუსიკალურად დამამახსოვრდა და რომ ვმღეროდი, ყველას უკვირდა, ლაპარაკი არ იცის, მაგრამ ასე სუფთად მღერისო.
შემდეგ ამას სხვა სიმღერებიც მოჰყვა და დავიწყე მუშაობა მენეჯერთან, სტამბულში მიშვებდა 11-დღიან ტურნეში. წესით 11 დღე იყო, მაგრამ სადაც მივდიოდი, 1 თვეზე ნაკლები არ ვმუშაობდი. ყველას უკვირდა – უცხოელი და ასე სუფთად მღერის თურქულადო.  თან ამხელა რეპერტუარიო.  თითქმის ყველა მხარე მოვიარე.
–  ქალაქ ტეკირდაღში მღერიხართ.  რამდენად გაამართლა იმედები  უცხო ქვეყანამ?
– ტეკირდაღი ზღვის ნაპირზე საკურორტო ქალაქია ძალიან მოეწონა თავიდანვე.  აი, უკვე 20 წელია აქ ვცხოვრობ, ვმღერივარ და ვსუნთქავ სიმღერით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მაინც მენატრება თეატრი.
ამ ქალაქშიც არიან ძველი ქართველები, ჩვენებურები – ასე ეძახიან თავის თავს. მათთვის ყოველთვის ქართულად ვმღერივარ.
– რომელი სიმღერა უყვართ ჩვენებურებს?
– თურქეთში ბევრი ძველი ქართველი ცხოვრობს. მათ უხარიათ ქართველების ნახვა  და მათთან საუბარი.
გასახსენებელი  ბევრია. ერთხელ მე და დედაჩემი ტაქსით ვმგზავრობდით და ცუდი სუნი ვიგრძენით გზაზე. ტაქსის მძღოლმა თქვა, როგორ ყარსო ჩ ვენ გაგვიკვირდა და ვკითხეთ, საიდან იცოდა ქართული.  მან გვითხრა, რომ ქართველი იყო, ჩვენზეც გაიგო, რომ ქართველები ვიყავით და ძალიან გაუხარდა.

დედასთან და შვილთან ერთად

ასევე შემიძლია გავიხსენო შარშანდელი ზაფხული, როცა ჩემი შვილი და დედაჩემი ჩემთან იყვნენ. ბაზრიდან ვბრუნდებოდით მიკროავტობუსით და ერთმანეთს ქართულად ველაპარაკებოდით. ჩვენს წინ იჯდა შავი თავსაფრით ქალბატონი, რომელიც გახარებული შემობრუნდა ჩვენკენ და გვკითხა: ჩვენებურები ხართოო? ჩვენც ძალიან გაგვიხარდა ეს ამბავი, დედაჩემს ცრემლები მოერია, ჩამოსვლისას ეს ქალბატონი გადაკოცნა და დიდი სიყვარულით დაემშვიდობა.
ჩვენებურებს თითქმის ყველა ქართული სიმღერა უყვართ, განსაკუთრებით „სულიკო”.
თუ ცოტა რიტმული სიმღერაა, მაშინვე ცეკვას იწყებენ. არა მარტო ჩვენებურები, არამედ თურქი მსმენელიც დიდი სიამოვნებით უსმენს ქართულ სიმღერებს.
– კორონავირუსი და შემოქმედება. როგორ ცხოვრობდით პანდემიის დროს… რამდენად შეეხო პანდემია თქვენს ქალაქს?
– რა თქმა უნდა, როგორც მთელ მსოფლიოში, აქაც ძალიან დიდი პანიკა და შიში იყო.  ახლაც ასეა, კაზინოები და ბარები დაკეტილია. სახლში ვზივარ, მაგრამ 2 ჯერ მომცეს დახმარების ფული.
– ჰობი...
– ჩემი ჰობი წიგნების კითხვაა. დედამ ბავშვობიდან წიგნის კითხვა შემაყვარა. მეამაყება, რომ მე ეთერ ზარიძის შვილი ვარ. ასეთი ლამაზი პოეტი ქალბატონის. მყავს ქალიშვილი – ეთუნა ფერაძე. ბედნიერი დედა ვარ, მაგრამ სულ მონატრებული საყვარელ ხალხს და უკვე საკმარისია. ვფიქრობ დაბრუნებაზე.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები