ნინო თანდილაშვილი: ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან, ლუიზა ვინტონთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში მდებარე ენდემური და ადგილობრივი ხორბლის ჯიშების სადემონსტრაციო-სანერგე მეურნეობა დაათვალიერა და იშვიათი ქართული ხორბლის ჯიშების – დიკასა და შავფხას მოსავლის აღების პროცესს დაესწრო.

ღონისძიებაზე, რომელსაც ფერმერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ნინო თანდილაშვილმა ხორბლის ჯიშთა აღდგენის, შენარჩუნებისა და გამრავლების მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკაზე ისაუბრა.

„ქართული ენდემური ხორბლის ჯიშების აღდგენისა და წარმოების ხელშეწყობა სამინისტროს სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ სელექციისა და ახალი ჯიშების წარმოების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ დიკასა და შავფხას აღდგენა „ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების“ ინიციატივითა და საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით განხორციელდა.

„მნიშვნელოვანია ისეთი ენდემური და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა, რომლებიც კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგია და გამორჩეულია გემოვნური თვისებებით. მოხარული ვარ, რომ ხორბლის ჯიშთა აღდგენის საკითხი, ჩვენი მხარდაჭერით, ადგილობრივ ინიციატივებს და ენთუზიაზმს ეფუძნება“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცირე ადგილობრივი პროექტები ხორციელდება, რომლებიც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას ემსახურება. მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივები ხელს უწყობს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებას, უნიკალური ლანდშაფტების დაცვასა და გარემოსდაცვითი განათლების დანერგვას.

გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მცირე გრანტების პროგრამა საქართველოში 2012 წლიდან მოქმედებს. ამ ხნის მანძილზე, პროგრამის ფარგლებში, 70-ზე მეტი ადგილობრივი გარემოსდაცვითი პროექტი განხორციელდა, ხოლო გაცემული დაფინანსების ოდენობამ 1.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები