ომბუდსმენი დავით ცინარიძის გათავისუფლებაზე: სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ განმეორებითი ძალადობის რისკები და უზრუნველყონ ძალადობის პრევენცია
“სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ განმეორებითი ძალადობის რისკები და უზრუნველყონ ძალადობის პრევენცია”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით ცინარიძის 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ საუბრისას განაცხადა.
„გირაოს შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. სანახავია, რატომ შეცვალა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახე, ამაში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა, რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ რადგან ოჯახში ძალადობის საქმე არის, რადგან იარაღი ფიგურირებს ამ საქმეში, ამ ვითარებაში უკვე სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ განმეორებითი ძალადობის რისკები და უზრუნველყონ განმეორებითი ძალადობის პრევენცია. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არის სამართალდამცავ უწყებებზე, რომ მათ სათანადო რისკების შეფასება და პრევენცია მოახდინონ, რათა დაზარალებული არ დაექვემდებაროს განმეორებით ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას“, – განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებული, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და დაცვის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
დავით ცინარიძე სამართალდამცავებმა 28 აპრილს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.