ვახტანგ ჭარაია: აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტები მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებენ და ბევრ საკითხში ეთანხმებიან
“აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტები ბევრი მიმართულებით მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებენ და ბევრ რამეში ეთანხმებიან”, – ამის შესახებ თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ეკონომისტებმა, ვიდეოკონფერენციის ფორმატში, გლობალური პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაზე სექტორული პრეზენტაცია წარადგინეს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე იმართება პირველადი შეხვედრები, რის შედეგადაც დოკუმენტი კიდევ უფრო დაზუსტდება.
„იყო ახალი შემოთავაზებებიც, საუბარი იყო, მათ შორის, იმაზეც, თუ რა არის ბიზნესის კეთებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოში, როგორც კვალიფიციური ძალა, ფინანსურ რესურსთან წვდომა, ასევე, გამოიკვეთა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობის საკითხი. ასევე, საუბარია იმაზე, თუ რომელ დარგებზე უნდა გააკეთოს აქცენტი საქართველომ დღევანდელ რეალობაში თუ პოსტ-კოვიდ მდგომარეობაში, პირობითად ეს იქნება მაღალტექნოლოგიური დარგები თუ ის ტრადიციული დარგები, რომლებიც უკვე განვითარებული გვაქვს “, – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
მსოფლიოს წამყვან ეკონომისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და პრემიერმინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილი ადგილობრივ ექსპერტებსა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდნენ.
საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის საშუალო და გრძელვადიანი სტაბილიზაციის განვითარების გეგმებზე USAID-ის მხარდაჭერით საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად განაგრძობს მუშაობას. შეხვედრები რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში იმართება.