ევროკომისიის შეფასებით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება

ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ნიშნულების შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ანგარიში შეჩერების მექანიზმის ფარგლებში შესრულებული მესამე შეფასებაა და იმ ქვეყნებს შეეხება, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დიალოგი და უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ.
მათივე ცნობით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2020 წლის 30 ივნისს, საბჭომ საქართველო იმ 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებთანაც სამოგზაურო შეზღუდვები უქმდება.

“ევროკომისია დადებითად აფასებს COVID-19-ის კრიზისის ფონზე, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის, საზღვრების ჩაკეტვასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების კუთხით გაწეული ძალისხმევა. კერძოდ, ნათქვამია, რომ სარეპატრიაციო რეისების მეშვეობით საქართველოში 13 000 მოქალაქე დაბრუნდა.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა საქართველოს მოქალაქეების უკანონო მიგრაციისა და დანაშაულებრივი ქმედებების აღსაკვეთად, რაც ევროკომისიასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერებაში გამოიხატება.

ანგარიშში დადებითადაა შეფასებული თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობის შემცირება, მათ შორის, გვარის შეცვლის პროცედურების გამკაცრება; ევროკავშირში უკანონოდ დარჩენისა და  თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის ხელშეწყობის კრიმინალიზება; პრობაციონერების ქვეყნიდან გასვლაზე გამკაცრებული წესები.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო ნაყოფიერ თანამშრომლობას აგრძელებს ევროკავშირის საზღვრის დაცვის სააგენტოსთან (Frontex) და ევროპოლთან. დადებითად ფასდება ქვეყნის შიგნით ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით გატარებული ღონისძიებებიც.

რაც შეეხება რეადმისიასა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას, ევროკომისიის დასკვნით, ეს პროცესი თანმიმდევრულად ხორციელდება, რაც ევროკავშირის წევრი და მესამე ქვეყნების შესაბამის სამსახურებს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგია. პროცესის ეფექტიან კოორდინაციას ასევე უზრუნველყოფს საქართველოს მიერ რეადმისიის შემთხვევების ელექტრონული მართვის სისტემის (Electronic Readmission Case Management System) დანერგვაც, რომელიც ევროკავშირის მიერ ხშირად გამოიყენება, როგორც საუკეთესო გამოცდილების მაგალითი.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობს გამოწვევები, კერძოდ, მაღალია საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რიცხვი, ასევე ევროკავშირის ტერიტორიაზე დანაშაულებრივ ქმედებებში საქართველოს მოქალაქეთა მონაწილეობის მაჩვენებელი, ქვეყანა წარმატებით განაგრძობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას – ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება.

ევროკომისიის ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა, რათა საფრთხე არ შეექმნას უვიზო რეჟიმს საქართველოს მთელი საზოგადოებისთვის”,-აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები