დავით მათიკაშვილი გახარიას პარტიაზე: ის, რომ მათ წინააღმდეგ არ შედის კონსტიტუციური სარჩელი ეს არ აქარწყლებს იმ ძალიან დიდ ნეგატივს, რომელიც მათმა პოლიტიკურმა ღალატმა გამოიწვია
,,ის, რომ მათ წინააღმდეგ არ შედის კონსტიტუციური სარჩელი ეს არ აქარწყლებს იმ ძალიან დიდ ნეგატივს, რომელიც მათმა პოლიტიკურმა ღალატმა გამოიწვია”,- ასე განმარტა
,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა საკითხი, თუ რატომ არ არის ასაკრძალი პარტიების სიაში „გახარია საქართველოსთვის“ პარტია.
„ხვალ, ზეგ, იმ დესტრუქციიდან და მასშტაბიდან გამომდინარე, რა შეიძლება რომელიმე პარტიამ ან პიროვნებამ ჩაიდინოს, ამაზე დღეს ჩვენ ვერ ვიმსჯელებთ. მაგრამ, დღევანდელი მოცემულობით ცხადია, რომ ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არ ებრძვის დემოკრატიას, რომელიც არ ცდილობს ქვეყნის ხელისუფლების დამხობას, მათთვის ორი ფუნდამენტი, ორი პრინციპი, რომლის გარშემო კონსტიტუციური სარჩელი შედგა, არ იქნება რელევანტური.
ის, რომ მათ წინააღმდეგ არ შედის კონსტიტუციური სარჩელი ეს სრულიად არ აქარწყლებს იმ ძალიან დიდ ნეგატივს, რომელიც იმ პოლიტიკურმა ღალატმა გამოიწვია, რაც ამ პარტიის მხრიდან იყო. ეს არის პოლიტიკური საკითხი და ეს დიდი პოლიტიკური ცოდვა ყოველთვის მძიმე ჯვარივით ექნებათ წამოკიდებული მათ პოლიტიკურ საქმიანობაში“, -განაცხადა დავით მათიკაშვილმა.