დავით სონღულაშვილი გურიის რეგიონში ფერმერებს, ადგილობრივ მეწარმეებს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების რეგიონული სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გურიის რეგიონში იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილი ფერმერებს და მეწარმეებს შეხვდა. შეხვედრები გაიმართა სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლებთანაც. მინისტრმა მიმდინარე საქმიანობის და არსებული საჭიროებების შესახებ მოისმინა ინფორმაცია.

„რეგიონებში ფერმერებთან, ადგილობრივ მეწარმეებთან და სამინისტროს სისტემის უწყებების თანამშრომლებთან შეხვედრებს ვაგრძელებთ. დღეს გურიის რეგიონში ვიმყოფებოდით. სახელმწიფო პროექტებით მოსარგებლე ფერმერებმა საკუთარი წარმატების შესახებ გაგვიზიარეს ინფორმაცია; საუბარი გვქონდა გამოწვევებზე და იმ საჭიროებებზე, რაც წარმოების ზრდისთვის და მაღალი ხარისხისთვის გვჭირდება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირდაპირი კომუნიკაცია არის საუკეთესო საშუალება სწორი გადაწყვეტილებების და სამომავლო გეგმების განსასაზღვრად. ჩვენი მიზანია, რეგიონი გაძლიერდეს, წარმოების ზრდით იზრდება ეკონომიკური სარგებელი და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამინისტროს რეგიონული სამსახურების გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული სახელმწიფო პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება. შედეგზე ორიენტირებული საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მოტივირებული და პროფესიონალი კადრები, რისთვისაც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

„რეგიონული სამსახურების თანამშრომლებთან გამართულ შეხვედრებზე მიმდინარე საქმიანობის, სამომავლო გეგმების, ასევე, საჭიროებების და გამოწვევების შესახებ ვიღებთ ინფორმაციას. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში, ჩვენი რეგიონული სამსახურები სრულად დააკმაყოფილებს სტანდარტებს და ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის ყველა საჭირო პირობა იქნება უზრუნველყოფილი“, -განაცხადა მინისტრმა.

გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა თაფლის საწარმო, საკალმახე მეურნეობა, ასევე ჩაის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. დავით სონღულაშვილი გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისებშიც იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები