გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე პირმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძემ და რამდენიმე პირმა შიმშილობა დაიწყეს.
მათ შორის, შიმშილობა დაიწყო დარეჯან ცხვიტარიამაც.
გედევან ფოფხაძის თქმით, ქუჩის გადაკეტვა არ არის ის ერთადერთი ფორმა, რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ.
„რეალობა შეიქმნა ასეთი, რომ საპროტესტო მოძრაობის წევრებს ყოველდღიურ რეჟიმში იჭერენ, ქვეყანა ძალიან ფორსირებულად და დიდი ნაბიჯებით მიდის დიქტატურისკენ. ერთადერთი, რაც ამ პროცესს შეაჩერებს, ეს ყველაფერი ისევ ჩადგეს პოლიტიკურ ჩარჩოში. ჩვენ თუ არ შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში არ უნდა იყოს გაყალბებული არჩევნებით არჩეული პარლამენტი და არ უნდა იყვნენ პოლიტპატიმრები, ქვეყანა უბრალოდ ვერ განვითარდება.
ქუჩის გადაკეტვა არ არის პროტესტის ერთადერთი ფორმა, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ამ ფორმით ჩვენ უნდა მოვახდინოთ ახალი საპროტესტო კერის გაჩენა. რასაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო, რაც ხალხის კონსტიტუციური უფლებაა, აკეთებს ხელისუფლება, მე მიმაჩნია, რომ ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ პროტესტის ახალი ფორმა. ამ შემთხვევაში ეს არ არის რადიკალურად ახალი ფორმა, მაგრამ ფორმაა, რომელიც არის ეფექტური და ჩემი აზრით, ამ ვითარებაში არის ადეკვატური იმ რეალობის, რომელიც შექმნა რეჟიმმა“, – განაცხადა ფოფხაძემ.