ნინო წილოსანი: სახელმწიფო მუდმივად უწევს მონიტორინგს და რეალურად წინ დგამს ნაბიჯებს გარემოს დაცვის მიმართულებით
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრები, კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის ინიციატივით, მორიგი მონიტორინგის მიზნით, კაზრეთს ეწვივნენ, სადაც RMG Copper-სა და RMG Gold-ის საწარმოო ტერიტორიები დაათვალიერეს.
სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში კომიტეტის წევრებთან ერთად, არიან საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის” და ორგანიზაცია „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო – კვლევითი პლატფორმების” წარმომადგენლები, ორი წლის წინ შეიქმნა და მისი მიზანი იყო კომპანია RMG-ის ოპერირების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესწავლა და ამ ზიანის აღმოფხვრის მიზნით, კომპანიის მიერ ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრა.
კომპანიის მიერ გარემოსადმი წლების განმავლობაში მიყენებული ზიანი რომ სერიოზული იყო, ამაზე მეტყველებს სამუშაო ჯგუფის მიერ მოძიებული ინფორმაციები და კვლევებიც, რომლის საფუძველზეც კომპანიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიწერილობის ფორმატით, განესაზღვრა შესაბამის ვადაში განსახორციელებელი სამუშაოები: ეს შეეხება როგორც წყლის მონიტორინგს, ასევე გამწვანების და ეკოლოგიის მიმართულებას, მტვერდამჭერ სისტემებს, გზის საფარის მოწყობას, რომელიც საბოლოო ჯამში ეკოლოგიაზე ახდენს გავლენას. აღნიშნული მიწერილობის ფარგლებში არსებული ღონისძიებების დამთავრების წლად განსაზღვრულია 2020 წელი.
კომპანია გარემოსდაცვით პროგრამას სწორედ პარლამენტის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფის მუდმივი მონიტორინგის ქვეშ ახორციელებს და სამუშაო ჯგუფის ეს სტუმრობაც აღნიშნული მონიტორინგის ნაწილს წარმოადგენს.
სამუშაო ჯგუფის წევრებს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მიწერილობის ფორმატით განსაზღვრული, უკვე შესრულებული პროექტები RMG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ ადგილზე დაათვალიერებინა და მიაწოდა ინფორმაცია წყლის, ნიადაგის და ჰაერის დაცვის კუთხით განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესახებ.
სამუშაო ჯგუფის წევრებმა დაათვალიერეს საოპერაციო ტერიტორიები, მადნეულის კარიერის რამდენიმე სანაყარო და საყდრისის უბანი, ინფრასტრუქტურა, გაეცნენ წარმოების პროცესს და რეკულტივაციის სამუშაოებს. კომპანიის მიერ შესრულებულია ისეთი სამუშაოები, რომლებიც უკავშირდება წყლის შემკრებ ავზებს და გამწმენდ რეზერვუარებს, მტვრის შემაკავებელს და გამფილტრავ ნაგებობებს, ტერასებს, რომლებიც როგორც შრომის უსაფრთხოების, ასევე ეკოლოგიური მიზნით არის გაკეთებული და სხვა.
კომპანიის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, დღეისათვის მდინარეების – კაზრეთულას და მაშავერას დამაბინძურებელი წყაროები ფაქტობრივად აღმოფხვრილია, წყლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. პროგრამის ფარგლებში მოეწყო როგორც შემკრები, ასევე საავარიო სარეზერვო აუზები, საამქროში მტვრის კონცენტრაციის შესამცირებლად სავენტილაციო ქსელი, აქტიურად მიმდინარეობს რეკულტივაციის პროცესი ნიადაგის დაცვის მიზნით. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია ქიმიური გამწმენდი ნაგებობის დასრულება, რომლის მსგავსიც მთელ კავკასიაში არ იქნება და რომელიც სანიაღვრე მძიმე მეტალებით დაბინძურებულ წყალს გაწმენდს.
პასუხისმგებლობის მიწერილობის ფორმატით განსაზღვრული პროგრამა წელს მთავრდება, თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, გარემოს დაცვით ღონისძიებებს მომავალშიც დაუთმობენ ყურადღებას.
როგორც კომპანიის გარემოსდაცვითი დირექტორი მიხეილ კვარაცხელია აცხადებს, 2020 წლის ბოლოსთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ კომპანიისთვის მიწერილობით განსაზღვრული ყველა ღონისძიება შესრულებული იქნება. მისივე თქმით, ძალიან ბევრი გაკეთდა მდინარეების – მაშავერასა და კაზრეთულას დაბინძურების აღმოსაფხვრელად, დასკვნითი ეტაპი არის წყლის ქიმიური გამწმენდი დანადგარების მონტაჟი, რის შემდეგაც უკვე მდინარე ფოლადაურიც მთლიანად იქნება დაცული ნებისმიერი სახის დაბინძურებისაგან, რომელიც პოტენციურად კომპანიისგან მოდის და, შესაბამისად, მდინარეების საკითხი ბოლომდე მოგვარებული იქნება. განხორციელდა რამდენიმე პროექტი ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებითაც და გარემოში მავნე გაფრქვევები მინიმუმამდე იქნა დაყვანილი.
კომპანია არემჯიმ გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე სავარაუდოდ 30-40 მილიონამდე ლარი დახარჯა.
საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის ფორმატში, მისი წევრები ამ ორი წლის განმავლობაში მუდმივად ახორციელებდნენ გასვლით შეხვედრებს და კომპანიის საწარმოო ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი თვალსაზრისით აწარმოებდნენ მონიტორინგს.
სამუშაო ჯგუფის წევრის, საყდრისის კომიტეტის წევრის ნინო ბურჭულაძის განცხადებით, კომპანიამ გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მართლაც დიდი მასშტაბის სამუშაოები განახორციელა.
„2018 წლიდან საპარლამენტო სამუშაო საპარლამენტო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ არემჯის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებას. მინდა გითხრათ საყდრისის კომიტეტი ამ ორი წლის განმავლობაში არსად წასულა და ჩვენ, ფაქტობრივად, ისევ ბრძოლის ველზე დავრჩით და თითქმის ყოველკვირეულ რეჟიმში ვაკვირდებით აქ გარკვეულ პროცესებს ეკოლოგიასთან მიმართებაში. გასულ წლებს თუ შევადარებთ, მე ვიტყოდი შედარებაც არ შეიძლება, იმდენი რამეა გაკეთებული. ფაქტობრივად, დასასრულისკენ მიდის წყლის დაბინძურების საკითხის გადაწყვეტა. ასევე გარკვეული შედეგები გვაქვს მტვერთან დაკავშირებითაც,” – განაცხადა ნინო ბურჭულაძემ. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები რჩება, ბუნებრივია ყველაფერი უცბად ვერ მოგვარდებოდა, ამიტომაც კომპანიაზე მონიტორინგის გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ. ამასთანავე, იგი იმედს გამოთქვამს, რომ წლის ბოლოსთვის დასრულდება ყველა ის სამუშაო, რომელიც კომპანიას ვალდებულებად აქვს აღებული.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანის შეფასებით, კომპანიის მიერ გარემოს დაცვის მიმართულებით ჩატარებული სამუშაოები ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საკმაოდ მასშტაბური და უმნიშვნელოვანესი ადგილობრივი ეკოსისტემისთვის.
მისივე თქმით, მიწერილობით გათვალისწინებული ყველა სამუშაო გარემოს დაცვის მიმართულებით დაწყებულია და ხშირ შემთხვევაში დასრულებულიც, თუმცა არის მიმდინარე პროექტები, იგივე გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებით, რაც აუცილებელია მდინარეში ჩამდინარე მჟავე წყლების ფაქტორის გამოსარიცხად, უბრალოდ პანდემიის პერიოდში კომპანიამ ვერ განახორციელა გარკვეული სამუშაოები, რასაც კომიტეტი და სამუშაო ჯგუფი ობიექტურ ფაქტორად მიიჩნევენ, თუმცა ამ სამუშაოების განხორციელების საკითხს ყურადღების მიღმა არ დატოვებენ.
„აქ თვალნათლივ ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანი და მასშტაბური სამუშაოებია ჩატარებული. ვგულისხმობ როგორც ჩამომდინარე წყლების კუთხით ავზების მოწყობას, ასევე გამწმენდ ნაგებობებს და შემდეგ უკვე ამ წყლის მეორად გამოყენებას. ამასთანავე, სამუშაოებს უსაფრთხოების კუთხით, სანაყარეების დატერასებას, ჰაერის დაბინძურების კუთხით ჩატარებულ სამუშაოებს, როგორც საწარმოო ნაწილში ფილტრების დამონტაჟებას, ასევე გზების დაბინძურების კუთხით, მორწყვასთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაოებს.
ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ მიწერილობით გათვალისწინებული ყველა სამუშაო გარემოს დაცვის მიმართულებით დაწყებულია, ხშირ შემთხვევაში დასრულებულია, თუმცა არის მიმდინარე პროექტები იგივე გამწმენდ ნაგებობებთან დაკავშირებითაც, რაც ძალიან აუცილებელი იყო მდინარეში ჩამდინარე მჟავე წყლების ფაქტორის გამოსარიცხად, უბრალოდ პანდემიის პერიოდში კომპანიის მხრიდან ვერ მოხერხდა გარკვეული სამუშაოების ჩატარება, რასაც კომიტეტი და სამუშაო ჯგუფი ძალიან ობიექტურ ფაქტორად მივიჩნევთ, თუმცა ჩვენი მხრიდან მოხდება მუდმივი მონიტორინგი ამ სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით.
სექტემბერში ველოდებით აუდირებულ დასკვნას კომპანიის მხრიდან რამდენი მილიონი ლარის სამუშაოები ჩატარდა. სიტყვიერად მათ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 40 მლნ-მდე ლარის სამუშაოები განხორციელდა გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც საქართველოს მასშტაბით, მძიმე ინდუსტრიაში ჩართული კომპანიების მხრიდან გაწეული ფინანსური დანახარჯების კუთხით, საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტორია”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნინო წილოსანის თქმით, აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო, როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლება სამოქალაქო სექტორთან ერთად მუდმივად უწევს მონიტორინგს და რეალურად წინ დგამს ნაბიჯებს გარემოს დაცვის მიმართულებით.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ როდესაც წლის ბოლოს კომპანია დაწყებულ პროექტებსაც ბოლომდე განახორციელებს, სახეზე უკვე ხელშესახები შედეგები იქნება.