“ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა მიუღებელია – მსხვერპლი არ არის მარტო, სახელმწიფო იცავს და აგრძელებს ძალადობაგამოვლილი ადამიანების მხარდაჭერას”
ადამიანის უფლებების საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის უწყებათაშორისი კომისია ბოლო დროს მომხდარ ფემიციდის შემთხვევებზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას, რეაგირებასა და სერვისებით უზრუნველყოფას. საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უზრუნველყოფს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასა და დაზარალებულთა დაცვას.
“ვეხმაურებით რა ბოლო პერიოდის განმავლობაში მომხდარი ფემიციდის ფაქტებს, გვსურს, ერთხმად განვაცხადოთ, რომ სახელმწიფოსთვის მიუღებელია გენდერული ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა და თითოეულ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი!
ვაცნობიერებთ რა, რომ ძალადობისგან დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, მივმართავთ ქალებს, ძალადობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ სამართალდამცავებს, დარეკონ არსებულ ცხელ ხაზებზე (116006 და 112) და მოითხოვონ დახმარება.
ვთხოვთ საზოგადოებას, არ დარჩნენ გულგრილნი ძალადობის მიმართ და ასეთი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სამართალდამცავებს. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დროული შეტყობინება გაცილებით მძიმე ძალადობის აცილებას უზრუნველყოფს.
ამასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ყველა მიმართულებით.
გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისა და ქალების გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს ერთიან და კოორდინირებულ პოლიტიკას. არსებული პოლიტიკა პრიორიტეტულად განსაზღვრავს ქალთა მიმართ ყველა ფორმის ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრას, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, ქალთა მონაწილეობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, მათ შორის, საჯარო სამსახურში დასაქმების ხელშეწყობასა და მოხელე ქალთა გაძლიერებას, ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვას, მავნე და დისკრიმინაციული პრაქტიკების აღმოფხვრას, განათლებაზე მისაწვდომობასა და მთელი ცხოვრების მანძილზე პროფესიული განვითარების შესაძლებლობის უზრუნველყოფას ქალებისა და გოგოებისთვის, ქალების ჩართულობის გაზრდას მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში და გენდერული სტატისტიკის წარმოებას.
სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას, რეაგირებასა და სერვისებით უზრუნველყოფას. საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უზრუნველყოფს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელებასა და დაზარალებულთა დაცვას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად ახორციელებს დანაშაულზე რეაგირებას, რეგულარულად აუმჯობესებს გამოძიების ხარისხს და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო უზრუნველყოფს ძალადობა გამოვლილი ადამიანების მხარდაჭერასა და მათთვის უფასო სერვისების მიწოდებას.
გენდერული თანასწორობის დამკვიდრების გზაზე არსებული გამოწვევების დასაძლევად, ვაგრძელებთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, სახელმწიფო უწყებების შიდაინსტიტუციური ცოდნის გაღრმავებაზე, ეროვნული კანონმდებლობის დახვეწასა და საერთაშორისო პრინციპების განმტკიცებაზე მუშაობას, რათა უზრუნველვყოთ განათლების სისტემაში თანასწორობის პრინციპების ასახვა, გოგოების გაძლიერება, ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ჩართულობის გაზრდა.
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა მიუღებელია! მსხვერპლი არ არის მარტო. სახელმწიფო იცავს და აგრძელებს ძალადობაგამოვლილი ადამიანების მხარდაჭერას. ყველა დამნაშავე კანონის სრული დაცვითა და სიმკაცრით დაისჯება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებათა საბჭოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია შექმნილია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილებით.
უწყებათაშორისი კომისია 22 სახელმწიფო უწყებას აერთიანებს. კომისიის ხელმძღვანლობენ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩეველი და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. კომისია აერთიანებს სამინისტროების, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, საჯარო სამსახურის ბიუროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურს.