საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია: თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას ეხმაურება.
როგორც ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თორნიკე შენგელია ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.
“საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერითა და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს! წარმატებები თოკო!!!”, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა კლუბმა Twitter-ზე ოფიციალურად გაავრცელა და ვიდეოც დაურთო წარწერით – “გელოდებით მოსკოვში”.