ამირან გამყრელიძე: სერიოზულად ვმუშაობთ გეგმაზე ჯანდაცვის გაძლიერებისთვის, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, მას მომზადებული შევხვდეთ
„დღევანდელ ეტაპამდე ეპიდემიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული გამოცდებიდან გამომდინარე ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი მოსალოდნელი არაა.
„დღევანდელ ეტაპამდე ეპიდემიას ვაკონტროლებთ, მაგრამ ეს არ გვაძლევს დამშვიდების უფლებას. უკვე მესამე დღეა ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. სიტუაცია სრულად მართვადია იქაც, დარწმუნებული ვარ, ინფექციის გავრცელების არავითარი მომატებული რისკი არ იქნება, იმდენად გათვლილია ყველა ეტაპი. ამჟამად სერიოზულად ვმუშაობთ გეგმაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებისთვის, რომ თუ მეორე და მესამე ტალღა იქნება გვიან შემოდგომაზე, მას მომზადებული შევხვდეთ. ეს მზადება მრავალმხრივია, ხდება სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადება, ეპიდემიოლოგების, ლაბორატორიული მუშაკების, ტესტირებების გაფართოება”, – აღნიშნა გამყრელიძემ.