გია ვოლსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კანონპროექტზე: ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ქვეყანას და დახმარება შეუმცირდეს

“ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტს, რომელშიც საქართველოს ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი.

მისივე თქმით, ოპონენტები მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანას ზიანი მიადგეს.

“ოპოზიცია ამას აღიქვამს გამარჯვებად. ეს არის ოპოზიციის სიცრუე. ჩვენ როცა ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციაზე, აშშ-სთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ როგორმე ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს. “ფრონტერას” ხელწერაც იგრძნობა. “ფრონტერას” და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ ამ შემთხვევაში “ფრონტერა” მართალი არ არის და რასაკვირველია, აშშ-ს ინვესტიციების შეზღუდვაზეც საუბარი არ არის, მით უმეტეს ოპეკი საკმაოდ სერიოზულ, მრავალათეულ მილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს. ასევე, არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა და ჯერ კიდევ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც პრაქტიკულად არ არსებობს. ასე, რომ ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად”,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ 132 025 000 აშშ დოლარს მიიღებს, თუმცა აღნიშნულია, რომ აღნიშნული დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს იქამდე, ვიდრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის, ქვეყანაში უცხოური ბიზნესის დაცვის კუთხით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები