გოჩა ჯოჯუა: ქდმ თანამშრომლობს დავით ჭიჭინაძესთან, ვცდილობთ, საარჩევნოდ ბლოკი შევქმნათ

„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის, გოჩა ჯოჯუა განცხადებით, მათი პოლიტიკური ძალა პარტია „ტრიბუნას“ ლიდერთან, დავით ჭიჭინაძესთან თანამშრომლობს და საპარლამენტო არჩევნებში, სავარაუდოდ, ერთიანი ძალებით მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ ჯოჯუამ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ” გაერთიანებული ოპოზიციური ფორმატი დატოვა.
„შეიცვალა კანონი, რაც, რასაკვირველია, გარკვეულწილად, მაინც ნაწილობრივი მიბრუნებაა იმ შეპირებასთან, რაც იყო გაცემული ივანიშვილის მიერ. ეს რთული პროცესი იყო, ამ ფორმატში სწორედ ამიტომ ვიღებდით მონაწილეობას, მეც, ჩემი პარტნიორებიც. როგორც კი ამ ფორმატმა თავისი მიზანი შეასრულა, მან ამოწურა თავის თავი. ჩვენც გამოვედით იმ ფორმატიდან. შეიძლება, გვქონდეს გარკვეულ ნაწილში, ხელისუფლებასთან ურთიერთობაში საერთო პოზიცია, მაგრამ ეს ერთიანი პოზიცია არაა, რადგანაც ერთიან პოზიციაში იგულისხმება ის, რომ, გარკვეულწილად, ჩვენც უნდა შევგუებოდით იმას, რომ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში ვერ დავდგებოდი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად. „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ ის უნდა იყოს ლიდერი, ერთერთი წამყვანი პოლიტიკური, ოპოზიციური ძალა, რაც მიუღებელია.
პოლიტიკური პროცესი უნდა შეიცვალოს. ამიტომ, ვფიქრობ, პარტნიორების მოძებნა საჭიროა. უკვე თანამშრომლობა მაქვს დავით ჭიჭინაძესთან, მის პარტია „ტრიბუნასთან“. ვცდილობთ, ერთად ჩამოვყალიბდეთ, შევქმნათ ისეთი ბლოკი, თუ გაერთიანება, რომელიც უფრო კარგი ინსტრუმენტი იქნება იმისათვის, რომ მეტი ადამიანი შევიყვანოთ პარლამენტში, რათა პოლიტიკურ პროცესებზე გარკვეული გავლენა მოვახდინოთ . მოვახერხოთ ის, რომ ეს ორი ძალა, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს, იყოს მოშორებული“, – განაცხადა ჯოჯუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები