დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა წარმოდგენილი კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განიხილა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრის, რომან კაკულიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” განიხილა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც კონკურენციის სააგენტოს რეფორმირებას და კონკურენტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს პირველი მოსმენით განიხილეს. ცვლილების პროექტი ემსახურება მთელი რიგი პრაქტიკული და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას.

მეტი თვალსაჩინოებისთვის მომხსენებელმა საკითხი სლაიდების საშუალებით წარმოადგინა. მისი თქმით, ცვლილებები შეეხება პროცედურულ ნორმებს, კონკურენციის პოლიტიკას, ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონცენტრაციას, ხელისუფლების ორგანოების მიერ კონკურენციის შეზღუდვას, არაკეთილსინდისიერ კონკურენციას და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს.

„ვფიქრობ, რომ ეს ის საკითხებია, რომლებთან მიმართებაშიც უწევს რეაგირება და პოზიციონირება სააგენტოს. დიდი ხანია ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ის აქამდე სათანადო უფლებებით, სათანადო საკანონმდებლო ინსტრუმენტებით არ იყო აღჭურვილი თავისი მოვალეობის შესასრულებლად, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური ნების შემთხვევაში, რომ განავითაროს და შეიქმნას ის საფუძველი, რომელიც აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში, კონკურენციის რეალური გარემოს შესაქმნელად”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

საკითხის განხილვაში მონაწილეობდნენ კონკურენციის სააგენტოს და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლები. მომხენებელმა უპასუხა დასმულ შეკიტხვებს.

კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს და მისგან გამომდინარე თანმდევ კანონპროექტთა პაკეტს.

კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ წარადგინა.

კანონპროექტით ყალიბდება ინსტიტუციურად დამოუკიდებელი დავების განმხილველი საბჭო, რომლის წევრებიც შეირჩევიან გამჭვირვალე პროცესის შედეგად – საჯარო კონკურსის საფუძველზე. განისაზღვრება საბჭოს წევრთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამოუკიდებლობის გარანტიები. ცვლილების შედეგად დადგინდება საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. კანონპროექტის შედეგად გაიზრდება გასაჩივრების ვადები. ამასთან, გასაჩივრებას დაექვემდებარება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც, თუ შესასყიდი საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ღირებულება შეადგენს ან აღემატება ევროკავშირის დირექტივით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს. ხოლო არ გასაჩივრდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მონეტარულ ზღვრებს ქვევით. ასევე, იცვლება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვით განსახორციელებლად, სააგენტოსთან შეთანხმების წესი.

ამ და სხვა დეტალებზე მომხსენებელმა მუხლობრივად ისაუბრა. მან უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მოუსმინა რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენლებს, რომლებმაც მსოფლიო პანდემიის ფონზე სარესტორნო ბიზნესში არსებული ვითარებისა და პრობლემების, ასევე მათი მოგვარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები