ირაკლი ნადარეიშვილი: „სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული პროდუქციის განთავსება მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსების დაწყება იმ პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა ექსპორტის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის ახორციელებს. მისი თქმით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” და ელექტრონული კომერციის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა „ალიბაბას” შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულება, რომელიც ქართული საექსპორტო პროდუქციის, მათ შორის, პრემიალურ კატეგორიაში განთავსებას გულისხმობს, მასზე გლობალური ხელმისაწვდომობის უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის და ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეებისა და ექსპორტიორებისთვის.

„საქართველოს მთავრობის მეწარმეობისა და ბიზნესის მხარდამჭერი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის ექსპორტის ხელშეწყობა. წლების განმავლობაში, სახელმწიფოს მხარეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პორტფელი ჩამოყალიბდა იმ პროგრამებისა და ხელშემწყობი ინსტრუმენტების, რომლებსაც, ძირითადად, პლატფორმის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ჩვენს ექსპორტიორებს ვთავაზობთ – ეს არის გამოფენებში მონაწილეობა, ტექნიკური დახმარებები, საგრანტო პროგრამები თუ სხვადასხვა სახის ტრენინგები. ამ ეტაპზე ვაფართოებთ იმ სპექტრს, რაც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი ექსპორტიორებისთვის და ისინი Alibaba.com-ზე პროდუქციის განთავსებას შეძლებენ” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

Alibaba.com-ზე, პირველ ეტაპზე, 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება. სააგენტო „აწარმოე საქართველოში” სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს, პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით – ეს არის ერთგვარი ვერიფიკაცია, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ შემსყიდველებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები