ირანში მედიასაშუალების ხელმძღვანელს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ირანში საინფორმაციო პორტალის, Amad News-ის ხელმძღვანელს, რუჰოლა ზამს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, რომელიც ანტისამთავრობო ქმედებასა და უცხო ქვეყნების დაზვერვებთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ ქვეყნის უზენაესი სასამართლოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გოლამ ჰოსეინ ისმაილიმ განაცხადა.
სააგენტო Tasnim-ის ინფორმაციით, განაჩენი საბოლოო არ არის და ბრალდებულს მისი გასაჩივრება შეუძლია.
რუჰოლა ზამა 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს.
ღია წყაროების ინფორმაციით, ზამა აქტიურად აშუქებდა 2017 წლის დეკემბრისა და 2018 წლის იანვრის საპროტესტო აქციებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. ზამა ბრალდებულია საფრანგეთის, აშშ-ისა და ისრაელის დაზვერვებთან თანამშრომლობაში.
Associated Press-ი წერდა, რომ ზამა პარიზში ცხოვრობდა, თუმცა არ აზუსტებდა, სად და როგორ დააკავეს მედიასაშუალების ხელმძღვანელი.