ნინო ლომჯარია: მისასალმებელია 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის” მიღება

ბავშვთა უფლებების დაცვა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია. მისასალმებელია 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის” მიღება. ამის მიუხედავად, ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცახადა.

მისი თქმით, გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები.

“2019 წელს ბავშვთა სუიციდის 22 და სუიციდის მცდელობის 69 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს სუიციდის – 12 და სუიციდის მცდელობის – 48 შემთხვევა. ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები.

წლებია პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. 2019 წელს საარსებო დახმარების მიმღებ 70 792 ოჯახში 150 065 არასრულწლოვანი ირიცხებოდა. მუნიციპალურ დონეზე არსებული პროგრამები უმეტესად ერთჯერადი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დროულ და სრულ დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით სათანადო საცხოვრებლით. შედეგად, რიგ შემთხვევებში, ბავშვებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. ყოველივე ეს განაპირობებს ისეთ ტრაგიკულ შემთხვევებს, როგორსაც ადგილი ჰქონდა, მაგალითად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, როდესაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები 6 ადამიანი, მათ შორის, 4 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

კრიტიკულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვთა სექსუალური ძალადობისგან დაცვის საკითხი. გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების მიმწოდებელიც და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოც ინფორმირებულები იყვნენ არასრულწლოვნებს შორის გამოვლენილი სექსუალური ძალადობის ნიშნების შესახებ, მსხვერპლი და მოძალადე კვლავ ერთ სახლში განაგრძობდნენ ცხოვრებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებების სრულ უგულებელყოფად უნდა ჩაითვალოს.

ისევ მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად რჩება რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა.

2019 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა – სტრატეგია და სამოქმედო გეგმა”, –  აღნიშნავს სახალხო დამცელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები