„დღეს ეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არის კრიმინალურ-პოლიტიკური დაჯგუფება და მათ არათუ კონსტიტუციის მიღება არ უნდოდათ, მათი მიზანი იყო კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდება და ამით საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების დაწერა”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დავით მათიკაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია იმედგაცრუებას ვერ მალავს და მხოლოდ სპეკულაცია იყო მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ ისინი პირველ მოსმენაზე შეეცადნენ კონსტიტუციური კანონპროექტის გადარჩენას. მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ” წარმატებით ჩააბარა დემოკრატიულობის ტესტი და მესამე მოსმენაც სწორედ იმავე შედეგით დასრულდება და ამას საზოგადოება ნახავს.
„მინდა, მივულოცო შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილ პარტიებს, რომ გიორგი რურუა მათ პოლიტიკურ ლიდერად აღიარეს. ცხადია, რომ პოლიტიკური კონსენსუსი ცალკეული საკითხების, მით უფრო, კონსტიტუციის გარშემო არის კარგი, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ჩვენ, მაგრამ ისიც ცხადია და ფაქტია და დღეს ეს დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა” არის კრიმინალურ-პოლიტიკური დაჯგუფება და მათ არა თუ კონსტიტუციის მიღება არ უნდოდათ, მათი მიზანი იყო კონსტიტუციური ცვლილებების ჩაგდება და ამით საკუთარი ვიწრო პარტიული ქულების დაწერა. სხვას მე ვერაფერს დავარქმევ საკითხს, როდესაც კრიმინალ რურუას გათავისუფლებასა და კონსტიტუციური პროექტი მხარდაჭერას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ.
იმედგაცრუებას ვერ მალავს რადიკალური ოპოზიცია. ეს ნათლად გამოჩნდა ყველა იმ ჩართვასა და ინტერვიუში, რომელიც მეორე მოსმენის შემდეგ მათი მხრიდან იყო გაკეთებული. ფაქტია, რომ დადასტურდა კიდევ ერთხელ, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია და ტყუილი იყო მათი მხრიდან საუბარი იმაზე, რომ, თითქოს, რადიკალური ოპოზიცია შეეცადა პირველ მოსმენაზე გადაერჩინა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართულმა ოცნებამ” მულტიფრაქციულად, დამოუკიდებელ დეპუტატებსა და სხვა ფრაქციებთან ერთად შეძლო მობილიზება იმ ხმების რაოდენობისა, რომელიც აუცილებელი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებისთვის. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ” წარმატებით ჩააბარა დემოკრატიულობის ტესტი და მესამე მოსმენაც სწორედ იმავე შედეგით დასრულდება და ამას საზოგადოება ნახავს. რადიკალურ-კრიმინალური ოპოზიცია კვლავ აგრძელებს ტყუილებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მომარაგებას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჩენი საერთაშორისო პარტნიორებისათვის არის ტყუილი. გიორგი რურუას შესახებ ინფორმაცია ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და სასამართლო მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.