ირაკლი კობახიძე: თუ ოპოზიცია ელჩების მოწოდების შესაბამისად იმოქმედებს, ეს მათთვის იქნება უკეთესი
“ელჩებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც უარს ამბობენ კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ჩაერთონ საპარლამენტო განხილვაში და მხარი დაუჭირონ ცვლილებებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ელჩების მოწოდების შესაბამისად თუ იმოქმედებს, ეს მათთვის იქნება უკეთესი, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა, თუმცა ოპოზიციას მიადგება კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ელჩებს არა მხოლოდ მათი როლისთვის ამ შეთანხმების ხელმოწერაში, არამედ – დღევანდელი განცხადებისთვისაც. დღევანდელი განცხადებით ელჩებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც უარს ამბობს კენჭისყრაში მონაწილეობაზე, ჩაერთოს საპარლამენტო განხილვაში და მხარი დაუჭიროს ცვლილებებს. თუ ისინი იმოქმედებენ ელჩების მოწოდების შესაბამისად, მათ მიერ ხელშეკრულებით აღებული პასუხისმგებლობის შესაბამისად, ეს მათთვის იქნება უკეთესი. წინააღმდეგ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, საკონსტიტუციო ცვლილებები მაინც გავა, თუმცა მათ მიადგებათ დამატებითი კიდევ ერთი რეპუტაციული ზიანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩები მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში 21 ივნისისთვის არის დაგეგმილი.