პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკითხი პოლიტიკური სპეკულირების საგანი გახდა, თუმცა მისი თქმით, დღევანდელ სხდომას დაინტერესებულ პირები ოპოზიციური საპარლამენტო ჯგუფებიდან არ ესწრებიან.
“ეს არის საკითხი, რომელიც გახდა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, თუმცა ფაქტია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, ყველა ესწრება კომიტეტის სხდომას. სამწუხაროდ, ჩვენ სხვა დაინტერესებულ პირებს ოპოზიციური, პოლიტიკური საპარლამენტო ჯგუფებიდან ვერ ვხედავთ. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც შეიძლება იყვნენ ჩართულნი, იმედია, ისინი შემოუერთდებიან ამ პროცესს.
აღსანიშნავია ცოტა ხნის წინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მიზანშეწონილი, სწორი და აუცილებელია პოლიტიკური პროცესების სრული ნორმალიზებისთვის ყველა იმ სუბიექტმა, ვინც თავის დროზე ხელი მოაწერა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით შეთანხმების საკითხს, მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში და მხარი დაუჭიროს ამ პროცესს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ჯერჯერობით სხდომას მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, ასევე ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრები – მარიამ ჯაში, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი ესწრებიან.
საკომიტეტო განხილვაზე ასევე იმყოფებიან მესამე სექტორის წარმომადგენლები.
“ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” წევრები არც განხილვებსა და არც კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.
საქართველოში პოლიტიკური დიალოგის მონაწილე ელჩებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ელჩები მოუწოდებენ 8 მარტის შეთანხმების ყველა ხელმომწერს, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.
ცნობისთვის, პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
ამასთან, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში, რიგგარეშე სხდომაზე 21 ივნისისთვის არის დაგეგმილი.