თბილისის ბაღების მართვის სააგენტო: საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 5 340 თავისუფალი ადგილია დარჩენილი
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, აღსაზრდელთა სარეგისტრაციო პროგრამას ტექნიკური ხარვეზი არ ჰქონია.
მათივე ინფორმაციით, 14:00 საათის მონაცემებით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია 6 400-მა მომხმარებელმა გაიარა (ამ რიცხვში არ შედის ის 3000 აღსაზრდელი, რომელიც ბაღებში პირველ ეტაპზე დარეგისტრირდა).
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მეორე ეტაპის რეგისტრაცია 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყო. რაც შეეხება რეგისტრაციის დაწყების მომენტში გამოთქმულ უკმაყოფილებას – განვმარტავთ, რომ ტექნიკური ხარვეზი პროგრამას არ ჰქონია, რეგისტრაცია მიმდინარეობდა, უნიკალური მომხმარებლები რეგისტრირდებოდნენ და ეს პროცესი ასახულია ჩვენს შიდა პორტალზე. დარჩენილია 5 340 თავისუფალი ადგილი. თუმცა, მონაცემები იცვლება და, შესაბამისად, დღის ბოლოს სხვა სტატისტიკა იქნება.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლებმა ვერ მოახერხეს სასურველ ბაღში ბავშვის რეგისტრაცია, 22 ივნისის 09:00 საათიდან უნდა მიმართონ კონკრეტული ბაგა-ბაღს და წარადგინონ განცხადება სარეზერვო სიაში მოხვედრის თაობაზე“, – განმარტავენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.