“მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველოს აქვს დადებითი შედეგები არა მხოლოდ კოვიდ-19-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ – კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებით”

“მსოფლიო, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს, რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვნად დადებითი შედეგები არა მხოლოდ კოვიდ-19-ის პანდემიის შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ – კონკრეტულ ეკონომიკურ გეგმასთან მიმართებით არის ძალიან პოზიტიური შეფასებები”, – ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, შეინ როზენტალის ბლოგის შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ასეთი განცხადებები მისასალმებელია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ, საქართველოს მთავრობამ შეძლო, საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის დაენახებინა ის კონკრეტული ქმედებები და გეგმები, რომლებიც საშუალებას მისცემს საქართველოს ეკონომიკას, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს განვითარების იმ ნიშნულს, რომელიც პანდემიამდე ჰქონდა.

„აქვე ხაზგასასმელია, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ საქართველოში წლების განმავლობაში გატარებულმა რეფორმებმა და ქვეყანაში არსებულმა ფისკალურმა წესრიგმა საშუალება მისცა ყველა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას, ძალიან დროული და სწრაფი გადაწყვეტილებები მიეღო, რათა დახმარებოდა ქართულ ეკონომიკას. ჯამურად , ეს არის ერთიანი ძალისხმევა, რომელმაც მოგვცა ძალიან პოზიტიური და იმედისმომცემი შედეგები. ჩვენ შევძლებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაბრუნოთ ჩვენი ეკონომიკა განვითარების იმ ეტაპზე, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ საქართველოში გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმისათვის, რომ არა მხოლოდ შეგვეჩერებინა „კოვიდ-19“, არამედ –  ჩვენს გადაწყვეტილებებს ჰქონოდა რაც შეიძლება ნაკლები ეფექტი ეკონომიკაზე და რაც შეიძლება სწრაფად შეგვძლებოდა დავბრუნებულიყავით ეკონომიკის განვითარების ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნა პრემიერმინისტრის მრჩეველმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები