დავით მათიკაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ძალიან ეფექტური და თავის დანიშნულებას ახორციელებს კანონის დაცვით
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის ძალიან ეფექტური და თავის დანიშნულებას ახორციელებს კანონის დაცვით”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში განიხილებოდა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურა გამართულად მუშაობდეს, რომელიც გამჭვირვალობისა და ძალიან მაღალი ხარისხის მონიტორინგის კუთხით მძლავრი იარაღია დემოკრატიული განვითარების გზაზე ნებისმიერ სახელმწიფოში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, თქვენს თანამშრომლებს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ სისტემის შექმნაში და რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, თქვენ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ოპონენტებსაც, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი საწინააღმდეგო რამ ისმოდა მაშინ, როდესაც ჩვენ ჯერ კიდევ საკანონმდებლო დონეზე ამ სამსახურისთვის რეგულაციებს ვქმნიდით. ბევრი პესიმისტი გამოთქვამდა თავის მოსაზრებას, რომ სამსახური იქნებოდა მხოლოდ ფორმალური სახის და ის ვერ შეძლებდა მასზე დაკისრებული მოვალეობების სისტემურ და ღრმა შესრულებას. დღეს წარმოდგენილმა ანგარიშმა კი ცხადყო, რომ სამსახური ძალიან ეფექტურად ფუნქციონირებს”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.