პაატა იმნაძე: კორონავირუსის მეორე ტალღა, დიდი ალბათობით, იქნება და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უფრო მოვაახლოვებთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის მეორე ტალღა, დიდი ალბათობით, იქნება და თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს, ეს ამ მეორე ტალღას უფრო მოაახლოებს.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობს, აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის.
„კორანავირუსის მეორე ტალღასთან დაკავშირებით ეს არ არის მარტო ჩვენი აზრი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ის ადამიანები, ვინც ამ დარგში მუშაობენ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა მეორე ტალღას მოელის. ეს, პირველ ყოვლისა, ძველი გამოცდილებაა, კონკრეტულად ეს არის 1918 წლის პანდემიის გამოცდილება, ასევე 2009 წლის პანდემიის გამოცდილება. ორივე ამ პანდემიას მეორე ტალღა ჰქონდა, რომელიც ზამთრის მეორე სეზონზე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, 1918 წელს უფრო ძლიერიც კი – ვიდრე პირველი ტალღა. ყველაფრის ალბათობა არსებობს, მაგრამ დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს და თუ წესებს არ დავიცავთ, ამ მეორე ტალღას უფრო მოვაახლოვებთ.
რაც შეეხება შეზღუდვებს – ისინი ნაადრევად არ მოხსნილა, ყველაფერი თავის დროზე მოხდა. მთავარი იქნება, თითოეული ჩვენგანი და ასევე ბიზნესი როგორ მოიქცევა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.