ნათია თურნავა: კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა არცერთი დღით არ შეჩერებულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს: არხილოსკალოსა და ქვემო ქედს ეწვია, სადაც ცოტა ხნის წინ სოფლების გაზიფიცირების პროცესი დასრულდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ნათია თურნავა შესრულებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.
ეკონომიკის მინისტრთან ერთად ღონისძიებაში კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ შალამბერიძე და „სოკარ ჯორჯია გაზის” დირექტორის პირველი მოადგილე ანტონ სამსონიძე მონაწილეობდნენ.
ეკონომიკის მინისტრმა სოფლის მოსახლეობას პირადად მიულოცა გაზიფიცირების სამუშაოების დასრულება და ის სახელმწიფო პროგრამებიც გააცნო, რომლებშიც მონაწილეობა შეუძლიათ, მათ შორის პროგრამა „აწარმოე საქართველოში”.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, არცერთი დღით არ შეჩერებულა გაზიფიცირების დიდი პროგრამა, მათ შორის კახეთის რეგიონში. მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ოჯახებში გაზის ანთების სიმბოლურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო.
დღესვე, ღონისძიების ფარგლებში გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ორგანიზებით, სოფელ არხილოსკალოში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მარტოხელა დედას, მარიამ ბექაურს და ქვედა ქედში მცხოვრებ ნიკო ქისტაურის 4-შვილიან ოჯახს საჩუქრად გაზქურები გადაეცათ.
„ძალიან მიხარია, რომ არსებითად დავასრულეთ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება. მქონდა შესაძლებლობა ამენთო გაზი სოფლებში – არხილოსკალოსა და ქვემო ქედში, ეს სიკეთე ახლა ამ სოფლებში 1300 ოჯახისთვისაა ხელმისაწვდომი. მთლიანობაში, კახეთის მხარეში ჩვენი გაზიფიცირების პროგრამის შედეგად, 150 000 – ზე მეტი ოჯახი ისარგებლებს ბუნებრივი აირით, რითაც კახეთის 95 პროცენტი დაიფარება. კახეთის მსგავსად საქართველოს სხვა რეგიონებიც არსებითად იქნება გაზიფიცირებული”, – განაცხდა ნათია თურნავამ.
აღსანიშნავია, რომ გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 8 სოფელში: ზემო ქედში, ქვემო ქედში, არხილოსკალოში, საბათლოში, ფიროსმანში, სამთაწყაროში, ჭოეთსა და თავწყაროში. პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდა 181 173 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 3203 ადგილობრივ მოსახლეს ბუნებრივი გაზით სარგებლობის საშუალებას აძლევს. სამუშაოების ღირებულებამ 6 595 799 ლარი შეადგინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, გაზიფიცირების 2019-2021 მასშტაბური გეგმის ფარგლებში კახეთის რეგიონში 19 სოფელი გაზიფიცირდება.