გერმანიის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკას აღსადგენად ორი წელი დასჭირდება
გერმანიის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა მნიშვნელოვნად შემცირდება და დაკარგული პოზიციების აღსადგენად შესაძლოა, ორი წელი გახდეს საჭირო.
როგორც ბუნდესბანკში განაცხადეს, კორექტირებული მონაცემებით, ეკონომიკა მიმდინარე წელს 7,1%-ით შემცირდება, ხოლო არაკორექტირებული ციფრებით – 6,85%-ით.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ ბუნდესბანკის პროგნოზი მთავრობისა და ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მიერ წარდგენილ პროგნოზებს ემთხვევა.
პანდემიის ფონზე, გერმანიის ეკონომიკის დიდი ნაწილი რამდენიმე თვის განმავლობაში დახურული იყო, თუმცა შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.
“2021 წელს კორექტირებული ზრდა მოსალოდნელია 3,2%-ის დონეზე, ხოლო 2022 წელს – 3,8%-ის”, – აღნიშნეს ბანკში.
როგორც ბანკის პრეზიდენტმა, იენს ვაიდმანმა განაცხადა, სტაბილიზაციაში მნიშვნელოვან შენატანს აკეთებს სახელმწიფო, ამჟამინდელ ვითარებაში ახალი სტიმულირება მისაღებია, სამთავრობო პროგრამის დადებითი შეფასებაა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობა ეკონომიკის სტიმულირების სქემისთვის 130 მლრდ ევროს გამოყოფს.
გუშინ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ევროზონასთან დაკავშირებით პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2020 წელს, საბაზისო ვარიანტის შემთხვევაში, ევროზონის მშპ 8,7%-ით, ხოლო უარესი სცენარის პირობებში 12,6%-ით იკლებს.