რუსეთის ფედერაციაში, ულან-უდეში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის განკუთვნილი, თავდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალი, რომელიც ვლადიმერ პუტინს უკვე ჩააბარეს, დაუსრულებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ ადგილობრივმა დეპუტატმა, ბაირ ცირენოვმა განაცხადა და შესაბამისი ფოტოებიც გამოამზეურა. ულან-უდეს სამხედრო ჰოსპიტალი რუსეთის პრეზიდენტმა ვიდეოკონფერენციის დროს, 15 მაისს ჩაიბარა. ორი კვირის შემდეგ, დეპუტატმა ობიექტის მონახულება გადაწყვიტა და გაარკვია, რომ სამშენებლო სამუშაოები შენობის შიგნით ჯერ კიდევ გრძელდება. მის მიერ გასაჯაროებულ ვიდეოში ჩანს, რომ ხელოსნები ელექტროსადენებს ამონტაჟებენ და კედლებიც დაუსრულებელია. როგორც ჩანს, კრემლისთვის ისევ აქტუალურია „პოწიომკინის სოფლების“ შენება, რაც ასე უყვარდათ ეკატერინეს დროს. მთავარი ისაა, რომ ქვეყნის მმართველმა ჩაიბარა, სახელისუფლებო მედიამ გააშუქა და პლანეტამ კიდევ ერთხელ დაინახა, რამდენად ძლევამოსილია კრემლი, რომ ბურიატიის დედაქალაქ ულან-უდესაც კი არ აკლებს ყურადღებას. ამ დიდ მიღწევას ილონ მასკის კომპანიის კოსმოსური წარმატებაც ხომ ვერ დაჩრდილავს? მერე რა, რომ ამ დროს ივანოვის ოლქის სახლ-ინტერნატის 130-ზე მეტ პაციენტსა და მედპერსონალს კორონავირუსული ინფექცია გამოუვლინდათ. მერე რა, რომ ყოველი მე-15 გარდაცვლილი რუსეთში სწორედ მედიკოსია. მერე რა, რომ ნიჟეგოროდის ოლქში ეპიდემიის აფეთქებისას რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ, წმინდა სამების მონასტრის ხუთი დედაო უკვე დაიღუპა.
როგორც „ნოვაია გაზეტა“-მ დაადგინა, რუსეთის ლაბორატორიები ანტისხეულებზე ტესტების შექმნას ცდილობენ, თუმცა სანამ რამეს მოახერხებენ, რუსეთის ბაზარი უცხოურმა სწრაფმა ტესტებმა დაიპყრო, რომელთა დიდ ნაწილს საეჭვო ეფექტურობა აქვს და ლიცენზირებულიც კი არ არის. მოსკოვის მთავრობა სიამაყით აცხადებდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულების გამოსავლენად შეიძინა ასობით ათასი ჰოლანდიური ტესტი, რომელიც, საბოლოოდ, ჩინური Biozek აღმოჩნდა და მისი სიზუსტე ეჭვქვეშ დგება. ამას გარდა, ამ ტესტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის სახელმწიფო შეკვეთები უკვე გახდა მილიარდობით რუბლის დატაცების ობიექტი, ხოლო ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების გამყიდვლები ერთ დღეში შექმნილი ფირმები გახდნენ, რომელთა დამფუძნებლები სტუდენტები უგზოუკვლოდ დაკარგულები და მუშები აღმოჩნდნენ. ბევრ შემთხვევაში ეს კომპანიები საავადმყოფოებს ატყუებდნენ და იმ აპარატებს ასაღებდნენ, რომლებიც ტექნიკურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
სამაგიეროდ, რაკი წარმატება და წინსვლა არ დაფიქსირდა კოსმოსში თუ საავადმყოფოების აშენების კუთხით, კრემლმა გადაწყვიტა, ანტივირუსული პრეპარატის შექმნაში ყველას დაასწროს. სამი დღის წინ რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრომ რუსული მედიკამენტი „ავიაფირი“ დაარეგისტრირა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს პირველი რუსული პრეპარატია, რომელსაც ანტიკორონავირუსული მოქმედება აქვე და კლინიკური კვლევების შედეგად ეფექტურობა გამოავლინა. ამ მედიკამენტის საფუძველს ნივთიერება “ფავიპირავირი’ წარმოადგენს, რომელსაც ჯერ კიდევ 2014 წლიდან იაპონიაში გრიპის სამკურნალოდ იყენებდნენ. კონკრეტულად ახალი რუსული ანტიკორონავირუსული პრეპარატი კი, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებამ ასეთი სიამაყით განაცხადა, სახელმწიფომ მხოლოდ 60 ადამიანზე გამოცდის შედეგად დაარეგისტრირა. როგორც ირკვევა, სხვა ქვეყნებში, მათ შორის, უშუალოდ იაპონიაშიც „ფავიაპირი“ ჯერ კიდევ არ არის აღიარებული კოვიდინფექციის სამკურნალო პრეპარატად. ერთადერთი კვლევა, რომლის შედეგებიც სამეცნიერო გამოცემაშია დაბეჭდილი, ჩინეთში ჩაატარეს. კვლევაში 35 პაციენტი იღებდა ამ პრეპარატს და მკურნალობის სქემა ძალიან გავდა რუსულს. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა, „მედუზა“ ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ევროპული ქვეყნები და აშშ-ც აქტიურად მუშაობენ ანტიკორონავირუსული ინფექციის ვაქცინის შექმნაზე, თუმცა არ ჩქარობენ და უახლოეს მომავალში ვაქცინის შექმნის პროგნოზს არ აკეთებენ. ყველა ხვდება, რომ „პოწიომკინის სოფლების“ აშენება ადამიანებს ძვირი დაუჯდებათ. თუმცა, როგორც ვხედავთ, არიან კონკრეტული სახელმწიფოები, რომლებისთვისაც ამწუთიერი ეფექტი ყველაზე მთავარია, მათი ხელისუფლებები უკვე ტყუპისცალებივით გვანან ერთმანეთს: მალავენ ინფორმაციას, ახორციელებენ ტოტალურ კონტროლს, არად აგდებენ ადამიანების სიცოცხლესა და ინტერესებს საკუთარი მიზნების მისაღწევად. ჩინეთის ხელისუფლება დღემდე ზღუდავს ქვეყანაში საერთაშორისო მეცნიერების შესვლას, რათა მათ ვირუსის წარმოშობა და პირველადი გავრცელების გზა ვერ გამოიკვლიონ. რუსეთი კი ისევ მე-18 საუკუნის გაქანებით აშენებს საავადმყოფოებს, დაავადებულების სტატისტიკას მალავს და გადამრჩენელი მედიკამენტების შექმნას იბრალებს.
დიმიტრი მოდებაძე