მოსკოვი ბუნდესტაგზე კიბერთავდასხმას უარყოფს
მოსკოვი მტკიცედ უარყოფს ბერლინის ბრალდებას იმის შესახებ, რომ 2015 წელს ბუნდესტაგზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან რუსი ჰაკერები იდგნენ.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
“კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მტკიცედ უარვყოფთ გერმანიის მიერ რუსეთის წინააღმდეგ წარდგენილ დაუმტკიცებელ ბრალდებებს კიბევთავდასხმების შესახებ”, – აღნიშნა ზახაროვამ.
28 მაისს კიბერთავდასხმის საქმეზე რუსეთის ელჩი, სერგეი ნაჩაევი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
გერმანიის სტატს-მდივანმა, მიგელ ბერგერმა ელჩთან შეხვედრაზე ფედერალური მთავრობის სახელით, კიბერთავდასხმები მკაცრად დაგმო.
ელჩს განუმარტეს, რომ 5 მაისს რუსეთის მოქალაქის დემიტრი ბადინზე გამოწერილი დაკავების ორდერთან დაკავშირებით ფედერალური მთავრობა ბრიუსელში კიბერთავდასხმებისთვის სანქციების დაწესების წინადადებით გამოვა, მათ შორის, ბადინის მიმართაც.
ბადინის დაკავების ორდერი ეჭვის საფუძველზე გაიცა, რომ ის დაუდგენელ პირებთან ერთად გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშურ საქმიანობას აწარმოებდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, ბადინი არის პასუხისმგებელი 2015 წლის აპრილ-მაისში ბუნდესტაგზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე და რომ თავდასხმის დროს ის გრუ-ს შემადგენლობაში შედიოდა.
DW აღნიშნავს, რომ ფედერალური მთავრობა აღნიშნულ ინციდენტს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებას უკავშირებს.